LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეგულაციების ამოქმდების შემდეგ ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება გართულდება

465

რამდენიმე ხნის წინ შშს-მ ახალი კანონპროექტი წარადგინა, სადაც შესულია სიახლეები სხვადასხვა რეგულაციებთან დაკავშირებით. კანონპროექტის ფარგლებში იგეგმება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, 100 ქულიანი სისტემის შემოღება და ფარული (უკონტაქტო) პატრული.

კანონპროექტმა მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია. მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლებმა აქციებიც გამართეს. მოსახლეობაში დაგროვდა კითხვები, რომელზე პასუხის გასაცემადაც ჩვენ გავესაუბრეთ კანონპროექტის ავტორსა და შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს – ზვიად ოქროპირიძეს.

 

კანონის შექმნის პროცესში, თუ გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის კომპანიებთან ან პირებთან?

კონკრეტულად ვისთან მოხდა კონსულტაციების გავლა ამას ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია დავადასტურო ის, რომ კანონპროექტის წარდგენას წინ უძღოდა შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები. პროექტის პრეზენტაცია თავდაპირველად შსს-ში მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ შესაბამის სფეროში აღიარებული ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

 

არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები, ქალაქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებში  დომინირებენ თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები?

ზოგადად სტატისტიკურად ამის თქმა შეუძლებელია. თუმცა, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ავტოსაგზაო დარღვევებისა და ავარიების დიდი წილი სწორედ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოდის. თუმცა, სამწუხაროდ ციფრები არ გვაქვს.

 

რას გულისხმობს 100 ქულიანი სისტემა და როგორ უნდა მიხვდეს მძღოლი რამდენი ქულა დააკლდა კონკრეტულ ჯარიმაზე?

 ამასთან დაკავშირებით კანონი დაავალდებულებს შსს-ს მინისტრს, შემუშავდეს სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებული დეტალები, რაც გულისხმობს ადმინისტრირების წესების შემოღებას. თუმცა, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, როდესაც მძღოლის ქულათა რაოდენობა შემცირდება 20-მდე, შსს ვალდებულებას იღებს ელექტრონულად აცნობოს მას ამის შესახებ. თუმცა, განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებსაც და შეიძლება ქულების რაოდენობა საჯარიმო ქვითარზეც აისახოს. ჯერჯერობით კანონპროექტი დასრულებული არ გახლავთ, შესაბამისად აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. საბოლოო ვერსიას მინისტრის ბრძანების საფუძველზე იხილავს მოსახლეობა.

რაც შეეხება ქულათა სისტემას ის მაქსიმალურად ლოიალურია. თუმცა, თუ სამართალდარღვევა მართვის მოწმობის მყისიერ შეჩერებას ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში მძღოლს ქულები აღარ დააკლდება და პირდაპირ მოხდება მართვის მოწმობის ჩამორთმევა. ხოლო სხვა დარღვევების შემთხვევებში ქულათა სისტემა 5-დან 40 ქულამდე მერყეობს. ქულებთან ერთად კი ავტომობილის მძღოლს ჩვეულ რეჟიმში გადაეცემა საჯარიმო ქვითარიც. მაქსიმალური 40 ქულა მძღოლს მოაკლდება იმ შემთხვევაში თუ ის არ დაემორჩილება საპატრულო ეკიპაჟს, ან მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა.

რაც შეეხება ქულების ამოწურვის შემდეგ ჩამორთმეულ მართვის მოწმობას, საჯარიმო ვადის გასვლის შემდეგ, მძღოლს მოუწევს ახლიდან ჩააბაროს ყველაზე რთული თეორიული გამოცდის ჩაბარება. თუმცა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაზუსტდება შსს მინისტრის ბრძანებით.

 

როდიდან შევა ძალაში ფარული პატრული და კონკრეტულად რა როლს შეასრულებს საგზაო მოძრაობის განტვირთვაში?

სიტყვა ფარული, ჩვენს კანონპროექტში არ ფიგურირებს. ეს იქნება უბრალოდ დამატებითი ფოტო და ვიდეოკონტროლის მექანიზმები, რომელიც დამონტაჟებული იქნება საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილზე საცნობი ნიშნის გარეშე. აქამდე ქალაქში დამონტაჟებულ კამერებთან დადგმული იყო სპეციალური საცნობი ნიშნები, ჩვენი პროექტის ამოქმედების შემდეგ კი, მსგავსი მოწყობილობები საცნობი ნიშნის გარეშე იქნება დამონტაჟებული. გარდა ამისა, ქალაქში ივლიან ჩვეულებრივი ავტომობილებიც, რომლებზეც აღნიშნული მოწყობილობები დამონტაჟდება და  უკონტაქტო პატრულის მიერ დაფიქსირებული ჯარიმები მოსახლეობას სახლში მიუვა დამამტკიცებელი საბუთებითურთ.