LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი სატყუარაა, უნდათ პრაიმერიზები ატარონ და უნდათ ყირაზე გადავიდნენ“ – მმართველი გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ და „დროას“ ინიციატივაზე

104
Untitled design

სამი ოპოზიციური პარტია „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს, რომელიც ამომრჩევლის ნებით უნდა დაკომპლექტდეს. ამის შესახებ დღეს, 1 ნოემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე დემოკრატიული მექანიზმი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობა პრაიმერიზის საშუალებით გაირკვევა.

„საუბარია ყველაზე დემოკრატიულ მექანიზმზე, რომ ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად ჩატარდეს შიდა არჩევნები მხარდამჭერებში და არჩევნებმა განსაზღვროს სიაში ადამიანების რიგითობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები ხელისუფლების მხრიდან. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრაიმერიზზე საუბარი ახალი სატყუარაა და ამის უკან ოპოზიციის  ღრმა პოლიტიკური კრიზისი დგას:

„კარგად ხვდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. კარგად ხვდებიან, რომ თავის ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ სამომავლო გეგმა და ჩართული არ არიან საპარლამენტო საქმიანობაში. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ამომრჩეველი, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას ხმა ერთხელ უკვე მისცა და არჩევის მიუხედავად, პარლამენტში არ შემოვიდნენ, ან მაშინაც მოტყუებულ საზოგადოებას ელაპარაკებიან დღეს. 2024 წელს ჩვენს საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ თავისი არჩევანი გააკეთოს და პარლამენტი დააკომპლექტოს დემოკრატიულად…

ეს ყველაფერი უკვე ფასადია, ამის უკან დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, „იმდენად გაუფასურებულია ოპოზიციის რეიტინგი, რა მეთოდსაც არ უნდა მიმართონ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტმა პარტიებმა, არჩევნებზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ“:

„მათი პულსი საარჩევნო კუთხით ფაქტობრივად არ იზომება. ეს ყველაფერი ხრიკები და ფანდებია ისევ იმ ძალიან მცირე რაოდენობის მომხრეების თვალის ასახვევად, რომელთა რაოდენობაც დღითი დღე მცირდება და არჩევნების დღისთვის შეიძლება ნულამდე დავიდეს. მათ შანსი აქვთ, 2024 წლის არჩევნებისთვის ბევრად ნაკლები რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში, ვიდრე დღეს არიან“, – ამბობს მათიკაშვილი.

საკითხს ეხმიანება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გია ცაგარეიშვილი:

„საზოგადოებას რამეს ეკითხებიან, რას ნიშნავს პრაიმერიზი? შევკრიბოთ საზოგადოება რუსთაველზე, ძველ ათენში ასე კრებდნენ და იქ ავირჩიოთ მმართველები, არ იქნება საჭირო არც პარლამენტი, არც მინისტრთა კაბინეტი, ბობოხიძის, ჯაფარიძის და ვაშაძისნაირ ადამიანებს ავარჩევინოთ და ვიქნებით არხეინად..

მე არ ვიცი სად ვინ რას ატარებს, რომელ სადარბაზოში, რა პრაიმერიზს, უნდათ პრაიმერიზები ატარონ და უნდათ ყირაზე გადავიდნენ, ოღონდ ქართველი ხალხის გარეშე, 2024 წლამდე პოლიტიკური ვნებები დაიოკონ, მიბრძანდნენ საარჩევნო ყუთებთან და იქ მოიგონ არჩევნები. სხვა მექანიზმი დემოკრატიულ საზოგადოებაში და იმ ქვეყანაში, ვისაც კანდიდატობა უნდა ევროკავშირის, არ არსებობს, გამორიცხულია, უკანა შესასვლელიდან ხელისუფლებაში ვეღარავინ შევა, ამ ავაზაკებს სწორედ ეს ვნებები აწუხებთ, რომ ხელისუფლების გადატრიალებას ვეღარ ახერხებენ, როგორც მანამდე მოახერხეს, ეს არის მათი მთავარი ვნება და დარდი, რომ ვერ ამხობენ, შტურმით რომ ვერ იღებენ პარლამენტს და ვერ აფურთხებენ სახეში ადამიანებს, ეს უნდათ ყველაფერი დაიბრუნონ“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

პაატა მანჯგალაძის დღევანდელ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაშიც.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ პრაიმერიზზე საუბარი მასკარადის მოწყობის მცდელობაა:

„ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ, ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ქართული ოცნების“ გაძლიერება. რატომ აკეთებს ამას, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

მე შეიძლება, ჩემი ვარაუდები მქონდეს. ეს არის „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი ფიქრობს, რომ მსგავსი გეგმა ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას:

„თუ კი დღეს ვინმეს აწყობს პრაიმერიზი და შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უცხო არ არის, მერწმუნეთ, თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“, პრაქტიკულად, ყველა ტიპის კონკურენციაში, ის გაიმარჯვებს მარტივი მიზეზების გამო და ახლა ამ მიზეზებს არ ჩამოვთვლი..

ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება.

ჩემთვის გაერთიანება და თანამშრომლობა ორი სხვადასხვა ცნებაა და თვისობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემთვის თანამშრომლობა ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე თუნდაც ხელოვნური ტიპის გაერთიანება.

რისთვის გვინდა მსგავსი პროექტის და გეგმის განხორციელება? ჩვენ გვინდა ხელისუფლება შევიყვანოთ ჩიხში, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიყვანოთ. მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას“, – განაცხადა მელიამ.

magti 5g