საქართველოში, ბოლო პერიოდში, ავეჯის სექტორი განსაკუთრებით აქტიურია. ბაზარზე სულ უფრო და უფრო ხშირად ახალი კომპანიები ჩნდება… ახალია ავეჯის მაღაზია „სალოტიც“, რომლის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი სალომე ქირია სტუმრობდა „ბიზნესნიუსს“. გადაცემის ფარგლებში, სტუმართან ერთად, „სალოტის“ საქმიანობაზე ვისაუბრეთ…
– რა გეგემებით და მიზნებით შემოვიდა „სალოტი“ ქართულ ბაზარზე? როდის და სად გაიხსნა კომპანიის პირველი შოურუმი?
„სალოტი“ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2020 წლის დასაწყისიდან, ჩვენი პირველი შოურუმი გაიხსნა აღმაშენებლის ხეივანზე 30 ნომერში. მათთვის, ვისაც ჯერ არ სმენია „სალოტის“ შესახებ მოკლედ ვიტყვი, რომ „სალოტი“ არის იტალიური ავეჯის მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც აერთიანებს იტალიურ წამყვან ბრენდებს და მათი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
„სალოტის“ საქართველოს ბაზარზე ძალიან დიდი გეგმები აქვს. თავდაპირველად, „სალოტი“ იყო დიზაინერული კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა იტალიური ავეჯის ბრენდებთან, შემდეგ კი გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა შოურუმი და იტალიიდან ჩამოგვეტანა სწორედ ის ავეჯი, რომელთაც მანამდე ჩვენი მომხმარებლებისთვის ვუკვეთავდით. ამჟამად შოურუმში წარმოდგენილია რბილი ავეჯი, საძინებლები, მისაღები ოთახის ავეჯი, განათების სისტემები და სხვა.
– რა სეგმენტზეა გათვლილი „სალოტის“ ავეჯი და თქვენივე სეგმენტში რამდენად მაღალია კონკურენცია?
„სალოტი“ გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე, რომლებიც გვენდობიან და სჯერათ, რომ „სალოტის“ დიზაინერების მრავალწლიანი გამოცდილება მათ საცხოვრებელ და კომერციულ ფართს, იტალიურ ხარისხსა და დახვეწილობას შესძენს. რაც შეეხება კონკურენციას, ცხადია, ამ სფეროში კონკურენცია საკმოდ დიდია და შესაბამისად, „სალოტისაც“ ჰყავს კონკურენტები, თუმცა ეს ჩვენთვის არის გამოწვევა და ძალიან დიდი სტიმული, მუდამ განვვითარდეთ, ყოველდღიურად გავეცნოთ ამ სფეროში მიმდინარე ახალ ტენდენციებს, არ მოვდუნდეთ და მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო დიზაინერული ავეჯი და მომსახურება.
– რა გამოგარჩევთ ამ კონკურენტებისგან, რა არის თქვენი მთავარი ნიშანი?
კონკურენტებისგან გამოგვარჩევს ის იდეები და ღირებულებები, რომელთა გარშემოც „სალოტი“ შეიქმნა. ზოგადად, მივიჩნევ, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ დგას მის უკან და რა ისტორიაა აქვს ამა თუ იმ ბრენდს. „სალოტის“ უნიკალურობას განაპირობებს ის ისტორია, რაც მის უკან დგას, ჩვენი დიზაინერები მრავალი წელია, ყოველწლიურად ესწრებიან და მონაწილეობას იღებენ იტალიაში დაგეგმილ მსოფლიო დონის გამოფენებში, შესაბამისად, რამდენიმე პრემიუმ კლასის ბრენდთან აქტიური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ყოველწლიურად ვსტუმრობდით მათ შოურუმებს, ქარხნებს, მათ დიზაინერებთან და მენეჯერებთან ერთად ვათვალიერებდით მათ საყვარელ ადგილებს მილანში, მათ ძალიან ბევრს ვუყვებოდით საქართველოს შესახებ და ვაცნობდით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებს, ქართველი მომხმარებლების მოთხოვნებს…
2018 წელს მილანის I SALON-ის გამოფენაზე ორი ბრენდის – „ალფა სალოტისა“ და „დელტა სალოტის“ მენეჯერებთან შეხვედრისას გაჩნდა იდეა, რომ დაგვეფუძნებინა იტალიური პრამიუმ ხარისხის ავეჯის მაღაზია საქართველოში, რომელსაც მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებოდა მათგან და ახალ სიტყვას იტყოდა ავეჯის სფეროში – საქართველოში.
ინვესტიცია არის 100%-ით ქართული და იდეის გაჩენის მომენტიდან დღემდე, სრული მხარდაჭერა და ჩართულობაა იტალიელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენსა და ხსენებულ ბრენდებს შორის ოფიციალური წარმომადგენლობა გაფორმდა 2018 წელს, 2019 წელი იყო მომზადების პერიოდი, ძალიან აქტიურ რეჟიმში გვქონდა კონსულტაციები ამ ბრენდების დიზაინერებთან, ფაქტობრივად ერთობილი ძალისხმევით შეირჩა ის ავეჯი, რომელიც დღეს ჩვენს შოურუმშია განთავსებული; შოურუმის დიზაინის შექმნაშიც, ჩვენთან ერთად, ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები.
გარდა ამ ყველაფრისა, ჩვენი დიზაინერები ყოველწლიურად ესწრებიან მასტერკლასებს ესწრებიან ისეთი ცნობილი დიზაინერებისგან, როგორებიცაა: მასიმილიანო ფუქსასი, როდოლფო დორდონი, პატრიცია ურქიოლა… მოკლედ რომ შევაჯამო, სალოტის კონკურენტებისგან გამოარჩევს იტალიური ხარისხი და მიდგომა დიზაინისადმი, რომელიც ასე აქტიურად იგრძნობა.
– რა ფართობზეა წარმოდგენილი შოურიმი და რა ტიპის და რამდენი დასახელების ავეჯია წარმოდგენილი?
შოურუმი არის 3000- კვ.მეტრზე, პირველ და მეორე სართულზე განთავსებულია ავეჯი, მესამე სართული დათმობილი აქვს დიზაინისა და მარკეტინგის განყოფილებას. შოურუმში წარმოდგენულია 4 იტალიური ბრენდის ავეჯი, ესენია: „ალპა სალოტი“, „დელტა სალოტი“, „ფრანკო ფერი, როსინი“. ძირითადად გვაქვს რბილი ავეჯი, დიზაინერული ელემენტებით გამორჩეული განათებები.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩვენი შოურუმი, რომლის შექმნასა და დახვეწაზეც თვეების განმავლობაში ვმუშაობდით; ეს არის სივრცე, სადაც გრძნობ იტალიურ სტილს, იტალიურ ხარისხს და მიდგომას ინტერიერის დიზაინისადმი. ავეჯის მატერია, ფერები, განათებები, შუქები, ჩრდილები – ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს როგორც ჩვენს, ასევე ნებისმიერი დამთვალიერებლის განწყობაზე.
– გახსნის დღიდან, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია საზოგადოების დაინტერესება „სალოტის“ ავეჯის მიმართ?
როგორც აღვნიშნე, 2020 წლის დასაწყისში გაიხსნა ჩვენი შოურუმი, უკვე მესამე თვე დაიწყო რაც ბაზარზე ვართ; მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი დასაწყისია, რადგან ძალიან ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს ჩვენს მაღაზიას… გვიკავშირდებიან დიზაინერები, რომლებიც ინტერიერის დიზაინზე მუშაობენ და გვთავაზობენ თანამშრომლობას. დამთვალიერებლები კი ჩვენს შოურუმში მოსვლისას გვიზიარებენ თავიანთ ემოციებს, ჩვენც მაქსიმალურ ენერგიას ვდებთ, რომ გავაცნოთ ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი თითოეული ავეჯი თუ აქსესუარი, მოვუყვეთ ვინ არის მისი შემქმნელი, რა ისტორია აქვს ამა თუ იმ დიზაინს – ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება სწორედ ეს მგონია.
ვფიქრობ, რომ ჩვენი მოლოდინები გამართლდა და შეიძლება ითქვას გადააჭარბა კიდეც. ზოგადად, ქართველი მყიდველი საკმაოდ მომთხოვნია ხარისხის მიმართ – მათი მოლოდინები ჩვენი და იტალიელი დიზაინერების ერთობლიბი თანამშრომლობით გავამართლეთ, რადგან ისეთი დიზაინერული ნიმუშები შეირჩა, რომლებიც ქართველი საშუალო და მაღალი სეგმენტის მომხმარებლებისთვის მისაღებია.
– მხოლოდ იტალიაში წარმოებული ავეჯის რეალიზაცია ხდება თქვენთან, თუ გაქვთ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციაც?
ამ ეტაპზე მხოლოდ იტალიური ავეჯის ბრენდებს იხილავთ ჩვენს შოურუმში, თუმცა, 2020 წელს გერმანიის გამოფენებშიც მივიღეთ მონაწილეობა და ევროპული პრემიუმ კლასის ავეჯის ჩამოტანაც შეიძლება დაიგეგმოს მომავალი წლიდან, თუმცა 2020 წლისთვის ორიენტირებულნი ვართ იტალიური ავეჯით დავიმკვიდროთ თავი ქართულ ბაზარზე;
მიზნად ვისახავთ მომხმარებლისთვის ვასოცირდებოდეთ, როგორც იტალიური ბრენდების შოურუმი, რომელიც გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე.
–თუ აპირებთ „სალოტის“ ბრენდის ქვეშ სხვა ფილიალების გახსნას, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში?
ჩვენი ბრენდის სამომავლო გეგმები ძალიან მასშტაბურია, ვგეგმავთ ახალი იტალური ბრენდების დამატებასა და არსებული არჩევნის კიდევ უფრო გაფართოებას; რაც შეეხება საქართველოში სხვა რეგიონების ათვისებას, მომავალი წლიდან შესაძლოა, ბათუმშიც გველოდოთ.
თუმცა, ცხადია, ამით არ შემოვიფარგლებით, იმდენად სწრაფად და დინამიურად ხდება ჩვენ გარშემო ყველაფერი, ვინ იცის, შესაძლოა ამ წლის ბოლოს საახალწლოდ ძალიან ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი სიახლე გვქონდეს. მოკლედ, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს, რომელიც ძალიან აქტიურია და ყოველდღიურად გაგაცნობთ არსებულ მოდელებს, ასევე ყოველდღიურად გესაუბრებათ ინტერიერის დიზაინის მიმდინარე ტენდენციებზე….