მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფორმა №9, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის გადაადგილების უფლებასთანაა დაკავშირებული, 2022 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდება. შესაბამისად, ახალი წლიდან გალელების ნაწილს, შესაძლოა, გადაადგილების უფლება შეეზღუდოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებით, 2013 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობა არჩევანის წინაშე დააყენა — აფხაზური პასპორტების სანაცვლოდ დაეთმოთ საქართველოს მოქალაქეობა.
„თუმცა, მოგვიანებით, რეგიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა იმ მიზეზით შეჩერდა, რომ პროცესს, შესაძლოა, „აფხაზეთის გაქართველება მოჰყოლოდა“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ძველი აფხაზური პასპორტების გაუქმებისა და გალელებისთვის ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ეტაპობრივად ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
გალის რაიონში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 5 000-ზე მეტს მხოლოდ ფორმა №9 აქვს, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი კი — 1 049-ს. ბინადრობის ნებართვა 19 707 ადამიანს აქვს მიცემული. გალში საარჩევნო ხმის უფლებით მხოლოდ 1 049 აფხაზეთის მოქალაქე გალელი სარგებლობს.
DRI-ს შეფასებით, ახალი წლის დღესასწაულის დღეებში გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტის გაუქმება ადგილობრივებისთვის დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება.
„სახლში ვერ დაბრუნების შიშით, 5 000 გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს. არსებობს სხვა გამოსავალიც: ორ თვეზე მეტი ხნით ლოდინი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან რუსი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემა“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ მესამე წელია, რაც ცხინვალი-თბილისს შორის გადაადგილება სრულად შეზღუდულია, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ფორმა №9-ის გაუქმებით გალელებს თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან ხელოვნურად სწყვეტს, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მართებს.
DRI-ს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ გალელების დისკრიმინაციის აღსაკვეთად მუშაობა უნდა გაააქტიუროს, უზრუნველყოს მათი ინტერესების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენა.
გალის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც არა აქვთ ბინადრობის მოწმობა ან აფხაზური პასპორტი, გადასაადგილებლად სჭირდებათ ფორმა №9.