„მეომრული ჟინი არ გვაკლია, მაგრამ ებრაელებს განვასხვავებ სხვებისგან, რადგან ზუსტად იციან ომის შემთხვევაში რას აკეთებენ – რეზერვისტები სააკაშვილის დროს წაგვიყვანეს ნახირივით, დაღებული გვქონდა პირი, დავდიოდით ბატებივით,“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აგვისტოს ომის ამბავი გაიხსენა და თქვა, რომ როცა რეზერვისტები გორის ცენტრში იყვნენ მობილიზებული, ტელევიზიით პირდაპირი ჩართვა გადაიცემოდა.
„ზუსტად იციან იარაღი სად არის, აღჭურვილობა სად არის, როგორ მოქმედებენ. სააკაშვილის დროს წაგვიყვანეს ნახირივით რეზერვისტები, გაგებაში არ ვიყავით, დაღებული გვქონდა პირი და ნახევარზე მეტს იარაღი პირველად ეკავა.
არ ვიცოდით ვინ იყო ჩვენი მეთაური, სად გაგვიყვანეს, რა დავალება გვქონდა, დავდიოდით ბატებივით. მერე დაგვაყენეს გორის ცენტრში და ჩართვა იყო.
წარმოიდგინეთ დაბომბვა მიდის ქალაქის, მტერი მილიონებს ხარჯავს ზოგადად იმაში, რომ დაზვერვამ ინფორმაცია მოიპოვოს სად არის მოწინააღმდეგეების თავყრილობა და ჩვენ დებილებივით ვიდექით გორის ცენტრში, 10 000 კაცი და წინ პირდაპირ ეთერში იყო ჩართვა,“ – აღნიშნა ელისაშვილმა.