აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალი ასადოვმა ყურადღება იმ რეგიონულ პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც ორი ქვეყანა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს.
„საქართველოსთან და ჩვენს რეგიონში სხვა პარტნიორებთან სატრანსპორტო ოპერაციებს კოორდინირებულად ვატარებთ. სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ამ სფეროში საქართველოც დიდ საქმეს აკეთებს. ამის მაგალითია მისი რკინიგზის მოდერნიზება, ასევე, პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამჟამად აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი დგას. გარდა ამისა, ეს ორი ქვეყანა ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ერთობლივი წვლილის შეტანას ცდილობს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, მათ შორის, სამხრეთ გაზსადენის დერეფანი, ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია. მჯერა, რომ დისკუსიები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ამ ფორუმზე მივიღებთ, წვლილს შეიტანს დიდი აბრეშუმის გზის კიდევ უფრო განვითარებაში და, ასევე, შექმნის პირობებს რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გადაზიდვა“, – განაცხადა ასადოვმა.