განქორწინებით დასრულებული ოჯახური კონფლიქტები და მთავარი დაზარალებული ბავშვი – რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა საქმე სასამართლომდე მიდის და რა შემთხვევაში შეიძლება მოსამართლემ მშობელს ქონება დაუყადაღოს – ამ კითხვებზე ადვოკატი, იურიდიული კომპანია „სი ელ ესის“ მმართველი პარტნიორი აბელ გეგია გვპასუხობს.
თქვენთან რამდენად ხშირად იყრის თავს ასეთი ქეისები და რაც მთავარია, თქვენამდე როცა მოდის საქმე, ნიშნავს, რომ უკვე გართულებულია საქმე?
როცა ჩემთან ერთ–ერთი მხარე მოდის, ე. ი. უკვე პრობლემაა. ძირითადად არიან ქალები, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვნებს, პრობლემა აქვთ მეუღლესთან და ითხოვენ ალიმენტის დაკისრებას. ეს უკვე სასამართლოს საკითხია, რომელიც გადაწყვეტილებას მოდავე მხარეების ფინანსური მდგომარეობის მიხედვით. ყურადღება ექცევა შემოსავლების ოდენობას. თუ არასრულწლოვანს დამატებითი ხარჯი სჭირდება, შეიძლება ესეც დავის საგანი გახდეს. საკმაოდ რთულია ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. როცა ადამიანი მიდის სასამართლოში, მისთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვე მიიღოს გარკვეული თანხა.
შესრულება რაზეა დამოკიდებული, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ როგორ ითვლება ალიმენტის ოდენობა, შემოსავლის მიხედვით?
ასეთი შეკითხვა ხშირია. დღევანდელი სამოქალაქო კოდექსით, ეს საკითხი განსაზღვრული არ არის რაიმე პროცენტული ოდენობით. ამას ითვლის მოსამართლე ინდივიდუალურად ბავშვის ინტერესების და მხარეების შემოსავლების მიხედვით. შეთანხმება ზოგადად რა თქმა უნდა კარგია, ეს ზოგავს დროს, ხარჯებს.
რა ხდება იმ დროს, როცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ?
მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და როგორც წესი, ერთ–ერთ მხარეს ალიმენტს აკისრებს. როცა ეს კანონიერ ძალაში შევა, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა, რომლის საფუძველზეც მას შეუძლია სააღსრულებო ბიუროს მიმართოს. იქ უკვე ახდენენ რეაგირებას, რამდენად სრულდება გადაწყვეტილება. ანუ აღმასრულებელს შეუძლია, ხელფასიდან ჩამოაჭრას თანხა ე. წ. წაგებულ მხარეს, ან დაუყადაღოს ქონება. ეს ხდება, როცა მშობელი ჯიუტად თავს არიდებს გადახდას. ანუ აქვს საშუალება და არ იხდის.
თქვენი რჩევები ამ კუთხით რა იქნება?
თუ ვერ თანხმდებიან მხარეები, ცხადია, უნდა მიმართონ ადვოკატს. მე პირადად, სასამართლოში სარჩელი რომ შემაქვს, დავას მაინც მორიგებით ვასრულებ ხოლმე. არის გამონაკლისი შემთხვევებიც.