პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ალექსანდრე ტაბატაძეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა და ხომ არ არის მოტივირებული, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით თავის დროზეც ჰქონდათ რეაქცია.
„რა თქმა უნდა, გვქონდა რეაქცია, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოებას როდესაც ეხება საქმე, ამას საჯაროდ ვერ ვიტყოდით და საჯაროდ ვერც დღეს გეტყვით. რა თქმა უნდა, იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იცით, რომ ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა.
2012 წელს გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში დაიდგა ერთი სტაციონალური საგუშაგო, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან იყო შეთანხმებული. ასევე შეთანხმებული იყო იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან. ამის შემდეგ არანაირი პრობლემა არ შექმნილა, ერთი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში. ანალოგიურად განხორციელდა, მოვახდინეთ კოორდინაცია“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
მთავარ სლაიდზე ფოტო: „ინტერპრესნიუსი“