„ამ შენობაში ზის მკვლელი მამის შვილი რიჟვაძე, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა“, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ახალი მოწვევის დეპუტატის, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ნაზი ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა.
მისი თქმით, გუშინ გასაჯაროებულ ჩანაწერების თანახმად, სადაც მისი ძმის ხმას მოუსმინა, ზეწოლა ნამდვილად იყო.
„ქართული ოცნების“ ოფისთან თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება
„ამ ვიდეოში მონაწილე ადამიანები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც ადრე ჩემი ძმის თანამშრომლები იყვნენ. ვიღაც კაცს ახსენებს, რომელიც, რა თქმა უნდა, დავით რიჟვაძეა. მეგობრებთან აქვს ნათქვამი და წერილობით სახელი გვარი დაუწერია“, – ამბობს ნუგზარ ფუტკარაძის და.
ნაზი ფუტკარაძის თქმით, მისი ძმა სისტემის მსხვერპლია და არ შეიძლება თორნიკე რიჟვაძის მსგავსი ადამიანები ქვეყანას მართავდნენ.
„რიჟვაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, არ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა მართონ ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც იმსხვერპლეს არაერთი ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული პიროვნება, ჯერ ბავშვის ქვევრში ჩაგდებით მოსული ხელისუფლება, ია კერზაია ზეწოლის მსხვერპლი და ამჟამად ჩემი ძმა.
ეს სისტემა კლავს, ამ ვიდეოში მონაწილეები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც ჩემი ძმის თანამშრომლები იყვნენ ადრე. ვიღაც კაცს ახსენებს, რომელიც რა თქმა უნდა დავით რიჟვაძეა“, – ამბობს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და ნაზი ფუტკარაძე.
აქციის მონაწილეები დიპლომატებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომამდე აქციები არ დაიშლება.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მათი წევრის გარდაცვალებას დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებს
ცნობისთვის, მათ თანაგუნდელზე ზეწოლის შესახებ განცხადება ენმ-მ 5 ნოემბერსაც გააკეთა. ბრიფინგს თავად ნუგზარ ფუტკარაძეც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ენმ მისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს.