LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მათი წევრის გარდაცვალებას დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებს

119
გიორგი კირთაძე  - ენმ

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის აუდიო-მტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც მათი განცხადებით, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს.

ენმ-ს წევრის და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა დავით რიჟვაძის დავალებით ხდებოდა, თავად პროცესში კი ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა.

კირთაძის თქმით, ჩანაწერები მას პირადად ნუგზარ ფუტკარაძემ მიაწოდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, დეპუტატთან მოლაპარაკებას დავით რიჟვაძის დავალებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი.

„ესენი გახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. რევოლუციის შემდეგ ორივე მათგანს მოუწია აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში, ისინი დაბრუნდნენ ჩვენს ქალაქში.

მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან. ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე.

აუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე, რომელიც ამავდროულად, არის ზაზა დიასამიძის, ახლა ხელვაჩაურის მერად არჩეული ძველი პოლიციელის ბიძა და მისი სახელი და გვარი ძალიან კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან, და ბადრი ბაკურიძე როგორ სთავაზობდნენ მას ასი ათას დოლარს და 20 % მისვლისთანავე სთხოვდნენ უკან“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ზეწოლის შესახებ განცხადება ენმ-მ 5 ნოემბერსაც გააკეთა. ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძეც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“ნაციონალური მოძრაობა” მისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს

პოპულარულები