LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ სიმპტომების დროს განგაშის ღილაკი უნდა ჩავრთოთ, დავიწყოთ სუნთქვის დათვლა” – დავით რეხვიაშვილი მშობლებს მიმართავს

15960
BeFunky-collage (6)

რა შემთხვევაში საჭიროებს ბავშვი ჰოსპიტალიზაციას და რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპის ფონზე, საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ციციშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკაში მოსახვედრად არსებობს გარკვეული სამედიცინო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი, ხოლო ამის შეფასება უნდა მოხდეს ბინაზე სასწრაფოს ექიმის მიერ, მაგრამ ასევე, მნიშვენლოვანია მშობლებმა იცოდნენ ის ძირითადი ნიშნები, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება.

დავით რეხვიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია შემოწმება სამი პარამეტრის, მათ შორის, განსაკუთრებით სუნთქვის სიხშირის, რაც რეხვიაშვილის დაკვირვებით, საქართველოში ფართოდ გავრცელებული არ არის.

“რადგან ეს ინფექცია უფრო მეტად აზიანებს სასუნთქ სისტემას, მნიშვნელოვანი საკითხია არ გამოგვეპაროს ფილტვების დაზიანება, ისეთი, რომელიც მომავალში შექმნის სუნთქვის პრობლემას.

ყველაზე კარგი შეფასებაა ბავშვის აქტივობა – რამდენად აქტიურია ბავშვი. თუ ის მოთენთილი, მივარდნილი, ადინამიური, ძილიანია – ეს არის ის სიმპტომი, როდესაც წითელი განგაშის ღილაკი უნდა ჩავრთოთ.

ასევე, მნიშვნელოვანია სუნთქვის სიხშირე, რომელიც ბავშვებში სტანდარტულად იცვლება. ის დამოკიდებულია იმაზე, ახალგაღვიძებულია, აქტიურობს, ძინავს თუ ახალნაჭამია და მერყეობს გარკვეულ ფარგლებში. ძირითადად შემთხვევებში, 40-ს ზევით სუნთქვის სიხშირე ყურადმისაქცევია.

ჩემი აზრით, არ გვაქვს წესი, რომ ბავშვებს სუნთქვა დავუთვალოთ, სიცხეს ვუზომავთ, კი ბატონო, შეიძლება პულსიც დავუთვალოთ, მაგრამ სუნთქვის დათვლა არ არის ჩვენთან ფართოდ მიღებული, ამიტომ უნდა დავიწყოთ სუნთქვის დათვლა, მშვიდ მდგომარეობაში, როდესაც ბავშვი ზის ან უყურებს ტელევიზორს. ძალიან მარტივი გასაკეთებელია, დავინიშნოთ წამზომი და დავთვალოთ წუთში რამდენია – თუ ის 40 ერთეულზე მეტია, მაშინ ჯობია ექიმმა შეაფასოს.

არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმპტომი, როდესაც სითხეს ვერ იღებს, ასეთ დროს არის საშიშროება წარმოიშვას სითხის დანაკარგის შევსების პრობლემა.

სითხის არ მიღება ან ვერ მიღება, ან მიღებული სითხის უკან ღებინება, ცნობიერების ნიშნები – ძილიანობა, მოთენთილობა, ადინამიურობა და მესამე ნიშანი – სუნთქვის სიხშირე – ამ სამ პარამეტრს თუ მივაქცევთ ყურადღებას და ვნახავთ, რომ სამივე მწყობრშია, მხოლოდ სიცხის მართვა გვჭირდება.

სხვა შემთხვევებში, როდესაც ბავშვი აქტიურია, სიცხის დამწევის მიცემის შემდეგ, ხდება ხალისიანი, საკვების მიღებაზე უარს არ ამბობს, ძალიან მოგვარებადი საკითხია ბინაზეც.

სხვა, რაიმე სპეციფიკური მკურნალობა მითუმეტეს ბავშვებში რომ არსებობდეს ვირუსის საწინააღმდეგო, არ არსებობს, ამიტომ კლინიკაში ყოფნა იმისთვის, რომ მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, არ არის სწორი, რადგან ვაკავებთ იმ ადგილებს, რომელიც მართლა შეიძლება დასჭირდეს მძიმე პაციენტს”, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

ბავშთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული: თენგიზ ცერცვაძე

 

პოპულარულები