LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ინვესტორები საქართველოს ბიზნესპოტენციალს სწავლობენ

208

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკელი ინვესტორები, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასაჩუსეტის შტატის ქ. ბოსტონიდან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის 20 წლიანი გამოცდილების სპეციალისტი და მასაჩუსეტის შტატის საპატიო კონსულობის კანდიდატი ჯარეთ გატრი (Jarred Guthrie), ასევე საერთაშორისო კომერციული საბანკო და ტელეკომუნიკაციების სფეროში 30 წლიანი მენეჯმენტის გამოცდილების მქონე ჯიმ ბულიონი (Jim Bullion), ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების სპეციალისტი ჯოზეფ ჰაინსი (Joseph Haynes) და ფინანსური სერვისების ინდუსტრიის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი ჯეფრი ლეკლერი (Jeffrey LeClair). დელეგაციას თან ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს ადგილზე შესაფასებლად, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩერქეზიშვილთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მარიამ ვალიშვილთან.

საჯარო სექტორის გარდა, დელეგაციის წევრები ასევე შეხვედრებს გამართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის, საბანკო, საინვესტიციო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო ლოგისტიკის სფეროების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g