ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი „Onyx“ საქართველოში ჩამოდის. ისინი თბილისის „ივენთ ჰოლში“ კონცერტს გამართავენ. ჰიპ-ჰოპის მოყვარულებისთვის ეს ძალიან საინტერესო ღონისძიებაა, ვინაიდან ვისაც ეს ჟანრი უყვარს, ჯგუფის რამდენიმე სიმღერა მაინც ექნება მოსმენილი და აუცილებელ პლეილისტში შეტანილი.
ამ დრომდე ჯგუფს ექვსი ალბომი აქვს გამოცემული. „Onyx“ 1988 წელს ჩამოყალიბდა, პირველი სინგლი “Ah, And We Do It Like This” კი 1990 წელს გამოსცა. კომპოზიციაში მყარად იგრძნობოდა ჯაზის გავლენა, უფრო მეტად, ვიდრე მათ შემდგომ ნამუშევრებში. Sticky Fingaz ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდა და 1992 წელს, უკვე მისი მონაწილეობით გამოიცა „Throw Ya Gunz“. 1993 წელს, მას შემდეგ, რაც მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ხმის ჩამწერ სტუდიასთან Def Jam, მათი პირველი სინგლი „Slam“ MTV-ზე გამოჩნდა. მათი ჯერჯერობით ბოლო ალბომი 2014 წელს გამოიცა.
Sticky Fingaz და Fredro Starr თბილისელი მსმენელის წინაშე 19 ნოემბერს ცნობილი კომპოზიციებით წარდგებიან. ღონისძიების სპეციალური სტუმრები არიან: Snak The Ripper & JUNK, DJ Illegal. კონცერტს Guka Production წარმოადგენს.