„ლელოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსების დღევანდელი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ პარტიების წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებსა და დოკუმენტში ასახული რეფორმების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
კერძოდ, ისაუბრეს საპარალამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, კოორდინაციაზე და იმის თაობაზე, რომ სამშაბათს ამნისტიის შესახებ კანონზე იქნება ბიუროზე მსჯელობა.
„რა თქმა უნდა, ბიუროს დავესწრებით. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ჩვენი ჩართულობის გარეშე არ იქნება განხილული მომავალში. დანარჩენ დეტალებზე ყოველდღიური კონსულტაცია გვექნება და მოგახსენებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი პრეზიდენტისგან მოითხოვენ, რომ ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს.