სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას სისტემატურად იყენებდა, ასევე, უკანონოდ მიითვისა სახელმწიფო ქონება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებითა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს ,,სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.