LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში ხორცისა და წიაღისეული საწვავის რეკლამის საჯარო სივრცეებში განთავსება აიკრძალება

121
ამსტერდამი

ამსტერდამის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 მაისიდან, ნიდერლანდების დედაქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (ტრამვაი, ავტობუსი, მატარებელი) და გაჩერებებზე, ხორცის, ავიამგზავრობის, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების, ასევე გაზის გამათბობლების რეკლამის განთავსება აიკრძალება.

ამ გადაწყვეტილებით ამსტერდამი ნიდერლანდების მეოთხე ქალაქი გახდება (უტრეხტის, დელფტისა და ჰააგის შემდეგ) და მსოფლიოში პირველი დედაქალაქი, რომელმაც რეკლამის განთავსებაზე მსგავსი აკრძალვა შემოიღო.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ხორცისა და წიაღისეული საწვავის რეკლამის საჯარო სივრცეებში განთავსების აკრძალვასთან დაკავშირებით პარტიებს „ცხოველთა დაცვისთვის“ (Partij voor de Dieren) და „მწვანე მემარცხენეებს“ (GroenLinks) ეკუთვნოდათ. მათ მხარს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა.

„კვების ინდუსტრიაში ნახშირბადის ემისიების უმეტესი ნაწილი ხორცის წარმოებაზე მოდის, ამიტომ ლოგიკურია, რომ ამსტერდამი ზღუდავს ხორცის რეკლამას, როგორც კვების სისტემის გარდაქმნის სტრატეგიის ნაწილს. ეს პოლიტიკა მხარს უჭერს ქალაქის მიზანს – 2050 წლისთვის მოსახლეობის რაციონის 50%-ი მცენარეულ საკვებს შეადგენდეს. ასეთი ცვლილება სასიკეთოა არა მხოლოდ კლიმატისთვის, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ცხოველებისთვისაც“, – აცხადებს არაკომერციული ორგანიზაციის „ProVeg“ დირექტორი ჯოი კრეიმერი.

ინიციატივის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ გარე რეკლამა, გარდა მავნე ინდუსტრიების ნორმალიზებისა, შეიძლება აძლიერებდეს სოციალურ უთანასწორობას, ყურადღებას უფანტავდეს მძღოლებს, აზიანებდეს ველურ ბუნებასა და მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე, ასუსტებდეს ადგილობრივ კულტურას და პრივატიზებას უწევდეს საჯარო სივრცეს.

ცნობისთვის, 2024 წელს ამსტერდამი ევროკავშირის პირველი დედაქალაქი გახდა, რომელმაც მხარი დაუჭირა მცენარეულ კვებაზე გადასვლის შეთანხმებას (Plant Based Treaty).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g