LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ხაჩიძე: „სიყვარული ჯერჯერობით არ მწვევია, ჯერ პატარა ვარ…“

419
ანა-ჩხაიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ახალი შაბათის შოუს მსახიობი ანა ხაჩიძე.

დავიწყოთ ბავშვობიდან…

ბორჯომში დავიბადე, გავიზარდე და დავასრულე სკოლა. შემდეგ კი წამოვედი თბილისში, კარგი ბავშვობა მქონდა ძალიან. მადლობელი ვარ მშობლებისა და ბებია-ბაბუის. ჩემი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ განათლება მიგვეღო. ბაბუაჩემი მსახიობი იყო და ეს ნიჭი იქიდან მაქვს. ამბობენ, რომ ბაბუას ვგავარ. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, „კავეენით“ დავკავდი. ისე კი ჟურნალისტიკა დავასრულე. ძალიან კარგი ლექტორები მყავდა. როცა ვაბარებდი, ბევრი ფაკულტეტი ჩავწერე, თუმცა, თეატრალური არ იყო. სახლში რომ ვიკითხე, სკეპტიკურად შეხედეს თეატრალურში ჩაბარებას და მეც აღარ გამიბრძოლია.

შენ ვანო ჯავახიშვილმა აღმოგაჩინა…

დიახ, ასე იყო, დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ ვანოს სურდა ჩემთან შეხვედრა. ეს მოხდა პანდემიის პერიოდში. ცოტა გამიკვირდა, რაღა დროს ეს იყო-მეთქი, მაგრამ გადავწყვიტე, მეცადა. აი, მერე კი დედამ მკითხა, თეატრალურზე რატომ არ ჩააბარეო. თავიდან რთული იყო, იქ უამრავი ცნობილი სახე დამხვდა. ვღელავდი, რამდენად მიმიღებდა გუნდი და მაყურებელი. თავდაპირველად მცირე დოზებით მოხდა ჩემი „სკეტჩებში“ შეპარვა. მოზომილად ხდებოდა ყველაფერი. ბევრი კომენტარი იწერებოდა და იწერება ჩემზე, განსაკუთრებული აქცენტი ჩემს ხმაზე იყო, რა საშინელი ხმა აქვსო.

საიდან წამოვიდა შენი პერსონაჟი?

სცენარისტებმა დაწერეს სკეტჩი და როცა როლები გავინაწილეთ, მადონას ტიპაჟი წარმოვიდგინე. რომ განვასახიერე ეს პერსონაჟი, აი, ეს იყო, რაა… ასე დაიწყო „მადონას ერა“. სხვათა შორის, ეს მადონა რეალურად არსებობს, შეიძლება, ასე ზუსტად არა, მაგრამ მას ძალიან ჰგავს.

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში პოპულარობის შემდეგ?

არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, სიყვარული მოდის უცხო ადამიანებისგან და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ ამის გამო ვეღარ თმობ ამ პროფესიას. ამპარტავნება კი ჩემში არ არის საერთოდ. ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც ამ ოთხ წელიწადში დამატყდა თავს.

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

სიყვარული ჯერჯერობით არ მწვევია. ჯერ პატარა ვარ… სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო. არ ვიცი, რა მიშლის ხელს, ვერ ვბედავ ხოლმე, თუმცა ალბათ სწორი ადამიანიც ჯერ არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები