LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის ნავსადგურის ტალღმტეხელის ჰიდროდინამიკური კვლევა დასრულდა

571
ტალღმტეხელი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ტალღმტეხელის ჰიდროდინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება დასასრულს უახლოვდება. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის სკალირებული მოდელის/მაკეტის ფინალურ ლაბორატორიულ ტესტირების პროცესს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია „იან დე ნულის“ ქვეკონტრაქტორის, ასევე საინჟინრო-საპროექტო კომპანია „როიალ ჰასკონინგის“ (Royal HaskoningDHV) ორგანიზებით შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა და დირექტორის მოადგილე მამუკა ბურჭულაძე დაესწრნენ.

კოპენჰაგენში „DHI“-ს ლაბორატორიაში აიგო ანაკლიის ნავსადგურში ასაშენებელი ტალღმტეხელის სკალირებული ზომის 3D მოდელი, რომელშიც ასახულია ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მონაცემები. ჰიდროტექნიკური თვალსაზრისით, ტესტირების ფარგლებში, შეფასდა 3D მოდელის/მაკეტის მდგრადობა ტალღებისა და შტორმის მიმართ.

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის ზურაბ სიჭინავას შეფასებით, „DHI“, რომელიც ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირებასა და კვლევას ახორციელებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიაა, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩასატარებელ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ ტესტირებებში სპეციალიზდება. „DHI“-ს გააჩნია ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება და დღევანდელი მონაცემებით 115 ქვეყანაში ოპერირებს.

„აღნიშნული ტესტირებით, რომელიც რამდენიმე ფაზად ჩატარდა, ტალღმტეხელის სკალირებული მოდელის ტალღის მიმართ მდგრადობა შემოწმდა. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის (ტალღმტეხელის) მშენებლობის ფარგლებში „DHI”-ს მიერ ჩატარებული ფინალური 3D ტესტირებაზე დაფუძნებული ჰიდროდინამიკური კვლევის ფინალური ეტაპი დასრულდა“, – აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

მისი თქმით, ტესტირების მესამე, ფინალური ფაზის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება.

„უახლოეს პერიოდში პროექტირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ის მოდელი, რომელიც უნდა აშენდეს ანაკლიის ნავსადგურში, რომლის ჰიდროდინამიკური და ტექნიკური მდგრადობის მონაცემები „DHI”-ს მიერ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს დაეფუძნება“, – განაცხადა სიჭინავამ.

magti 5g