LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვი: რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი ერთი ოჯახია

140
ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას „შეუქცევად პროცესს“ უწოდებს და ამ მხრივ, ბელარუსის იმედი აქვს.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის ინფორმაციით, 27 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა თქვა, რომ კვლავაც იმუშავებენ, რათა სხვა სახელმწიფოებისგან აღიარებას მიაღწიონ და ამ გზაზე უკან არ დაიხევენ, ისევე, როგორც არ დაიხევენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვისგან, რადგან ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის.

„დიდი რაოდენობით ქვეყნების მხრიდან აღიარება იძლევა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მეტ შესაძლებლობას და იურიდიულ საფუძველს“, – განაცხადა ბიბილოვმა. მას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას პოზიციაზე. ბიბილოვის პასუხი იყო, რომ ლუკაშენკამ პოზიცია არაერთხელ „გასაგებად და ცხადად გაახმოვანა“.

„ის, რაც ბელარუსის ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა, მას აძლევს მორალურ და კანონიერ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენი რესპუბლიკა აღიაროს“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიბილოვმა ლუკაშენკას უწოდა უმაღლესი დონის პოლიტიკოსი, რომელმაც არავის მისცა საკუთარ ქვეყანაში უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა. ბიბილოვის თქმით, ბელარუსისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ გამოცხადებული საინფორმაციო, პოლიტიკური და სანქციების ომი რუსეთს უკავშირდება. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი ერთი ოჯახია, სადაც ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g