LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს: „თეორიული შესაძლებლობა ხომ გაქვთ, ის გადაწყვეტილება შეცვალოთ, რაც მანამდე მიიღეთ? სავარაუდოდ, გაქვთ. მინდა გთხოვოთ, თუ არ განიხილავთ, მაშინ ეგ მაინც აგვიხნათ, რატომ არ განიხილავთ?!“

225
ანდრო ჭიჭინაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული  11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი კვლავ ნახევრად დახურულად მიმდინარეობს.

11 პირს შორის, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეა, რომელმაც სიტყვით ისარგებლა და მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძეს მიმართა, დამსწრე საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ არც განიხილა სხდომის გახსნის შუამდგომლობა:

ანდრო ჭიჭინაძე: „როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცას შეუძლია დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა, პირობითად, რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი“

„თეორიული შესაძლებლობა ხომ გაქვთ, ის გადაწყვეტილება შეცვალოთ, რაც მანამდე მიიღეთ? სავარაუდოდ, გაქვთ. მინდა გთხოვოთ, თუ არ განიხილავთ, მაშინ ეგ მაინც აგვიხნათ, რატომ არ განიხილავთ იმ პირობებში, როცა ახალი გარემოებებია.

თორნიკემ [თორნიკე მიგინეიშვილი – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი] წარადგინა ადამიანების სია, რომლებიც თავის თავზე, საქციელზე პასუხისმგებლები არიან. როგორც მინიმუმ, სავარაუდოდ, თქვენ რა საშიშროებასაც ხედავთ, იმ საშიშროების პრევენცია მოხდება.

შესაბამისად, მინდა გთხოვოთ, ახსნათ, რატომ არც კი განიხილება. მადლობა“. – აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე.

შეგახსნებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანდროს ჭიჭინაძის, ონისეს ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკას ჯაბუას, რუსლანის სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგის ტერაშვილის, ვალერის თეთრაშვილის, სერგეის კუხარჩუკის და ირაკლის ქერაშვილის წინასასამართლო სხდომა გრძელდება.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოყენებულია „პუბლიკას“ ფოტო

magti 5g