აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს. ამის შესახებ გამოცემა „Politico“, თეთრ სახლსა და თავდაცვის დეპარტამენტში არსებულ, ექვს ანონიმურ წყაროზე, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის წარმატება ეჭვს არ იწვევს.
რატომ გააქტიურდა ბირთვული იარაღის თემა – ამ კითხვით „ფორტუნამ“ უსაფრთხოების ექსპერტ ანდრო გოცირიძეს მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს კრემლის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებს „წონა დაკარგული აქვს“, ამიტომ მათზე მსჯელობა რელევანტური არ არის.
„პესკოვი განაცხადებს ყველაფერს, რასაც უბრძანებენ, ისევე როგორც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ცილისწამება მოიტანა არგუმენტად რუსული აგრესიის გასამართლებლად. თუმცა ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს არაა ახალი.
გვახსოვს 1992 წლიდან, თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი როგორ გვდებდა ბრალს სოხუმის დაბომბვაში გადაღებილი თვითმფრინავებით. ასევე გვახსოვს რუსი ლიდერების გამოსვლები, 2008 წლის აგრესიის დროს.. ეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის სტილია.ეს არის გებელსისეული ტყუილის გაჟღერება და ამით ნარატივის შექმნა“, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ბირთვული იარაღის საკითხს, უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთი ვერ მოახერხებს, რადგან დღეს არ არსებობს არც სამხედრო და არც პოლიტიკური ამოცანა, რომელსაც რუსეთი ამ ნაბიჯით მიაღწევდა.
„მეორე – ბირთვულ იარაღზე თითის დაჭერა ასე მარტივი არ იქნება. ბირთვულ იარაღის გამოყენებას სჭირდება განმახორციელებელი. პუტინის გარემოცვა კი ინფორმირებულია, რა დამანგრეველი შედეგები ექნება ამ ნაბიჯს და რა პასუხი მოჰყვება ნატოსგან და ამერიკისგან.
მიუხედავად აგრესიული ფონისა, დარწმუნებული ვარ, პუტინის ახლო გარემოცვაშიც არის რამდენიმე ნათელი გონება, რომელსაც შეუძლია, უბრალოდ არ ჩაყვეს პოლიტიკურ და „ბუკვალურ“ სამარეში საკუთარ ბოსს და მიხვდეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთის ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთების განადგურება მოჰყვება.
რუსეთი უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ მას სამხედრო ნაწილები დასჭირდება ხვალ და ზეგ – წაგებული ომის შემდეგ შიდა სიტუაციის საკონტროლებლად და აღმოსავლეთის ფრონტის დასაცავადაც. (საუბარი მაქვს რუსეთი-აღმოსავლეთის ფრონტზე).
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთი ნათელი გონებაც რომ იყოს, საკმარისი იქნება.
ომი ალბათ, კიდევ დიდხანს გაიწელება. რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს. მას არსენალში აქვს ქიმიური იარაღი და შეიძლება, ბირთვული მუქარა სადღაც გამოცადოს – სადმე ზღვაში ან ოკეანეში რაიმე ააფეთქოს და ბირთვული ომის ზღვარზე ყოფნით სცადოს, დასავლეთს უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა გამოსტყუოს.
ახლა რუსეთს არც სამხედრო და არც პოლიტიკური ამოცანა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ როგორმე „დაიკანონოს“ მიტაცებული ტერიტორიები, რათა შიდა აუდიტორიაში ეს „სპეცოპერაცია“ გამარჯვებულად წარმოაჩინოს, იმისთვის, რომ თავად რუსეთში არ დაემხოს რეჟიმი.
რუსეთში წაგებულ ომს არ პატიობენ“. – ამბობს გოცირიძე „ფორტუნასთან“.