LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა, ეს ყველაფერი სადღაც 6 თვეში, ერთ წელიწადში პუტინის რეჟიმის დამხობით დასრულდეს.. წაგებულ ომს რუსეთს არ პატიობენ“ – რას ნიშნავს ხერსონის დაბრუნება და რას შეიძლება ველოდოთ ფრონტის ხაზზე / “კვირის თემის” პოდკასტი

9
BeFunky-collage (4)

გუშინ, 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ხერსონიდან უკან იხევს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დათანხმდა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის სერგეი სუროვიკინის წინადადებას ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ და შესაბამისი განკარგულებაც გასცა.

მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონში უკან დაიხიეს, აშშ-ისა და ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ცნობები, რომ „ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა რუსული ჯარები ახალ ფაზაში შევიდნენ“.

ამავე ცნობებით, რუსებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, ხიდები გაანადგურეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს.

რას ნიშნავს ამ მიმართულებით უკრაინელების უპირატესობა და რას შეცვლის ოკუპანტების მისწრაფებების თვალსაზრისით, ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად,  უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.

 

„რუსულ ჯარს საბრძოლო ამოცანა აღარ აქვს“

 

ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მოვლენებს ვერ გავუსწრებთ წინ და ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ აქ უკვე ყველაფერი დასრულებულია, რადგან რუსებს ჯერ კიდევ მრავალი ვერაგობა აქვთ ჩაფიქრებული, – აცხადებს ანდრო გოცირიძე და დასძენს, რომ რუსების მიერ ხიდების დანაღმვა და მარცხენა სანაპიროზე გამაგრება მოწმობს იმას, რომ „ოკუპანტები ფრთხილობენ და არ უნდათ, დაზამთრებამდე ისეთი დამარცხება იგემონ, რამაც შესაძლოა, ფრონტი სრულად ჩამოშალოს“.

უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ძალიან თვალსაჩინოა, რომ „რუსულ ჯარს საბრძოლო ამოცანა აღარ აქვს“.

„ოკუპანტები გადასულები არიან კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მშვიდობიანი მოსახლეობის, ენერგეტიკული და წყალმომარაგების სექტორის განადგურებაზე ერთადერთი მიზნით, რომ უკრაინა მიიყვანონ მოლაპარაკების მაგიდასთან იმ მცირე წარმატების გასაფორმებლად, რომელიც მიტაცებულ, კვადრატულ კილომეტრებში, თვითაღიარებული ე.წ რესპუბლიკების ხარჯზე ხდება“, – აღნიშნა მან.

 

რუსეთის ცინიზმი თუ „კეთილი ნება“ – რას ნიშნავს შოიგუს განკარგულება

 

„ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ანდრო გოცირიძე გამოეხმაურა თავად რუსების ოფიციალურ განაცხადს, თითქოს ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა. უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკლებად შეიძლება განვიხილოთ, როგორც „საბრძოლო ხაფანგი“.

„რუსები მარჯვენა სანაპიროს ცლიან და ამას კეთილი ნებით არ აკეთებენ. ისინი უკრაინული არმიის და დასავლეთის ჯეროვანი დახმარების ქვეშ კი არ ცლიან ქალაქს, უბრალოდ იძულებულნი გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან სწორად აფასებენ მოვლენებს და ხვდებიან, რომ მის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.

რუსეთი ამას კეთილ ნებად ასაღებს, მაგრამ ეს მათი მხრიდან ცინიზმია.

როგორც შეიძლება კეთილ ნებად ჩავთვალოთ ადამიანის და ადამიანის ჯგუფის მოქმედება, როდესაც ყოველ ღამე, ყველანაირი იარაღით, გამუდმებით ბომბავენ სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რითაც ფაქტობრივად, სიცივისთვის და უწყლობისთვის სწირავენ თავისივე განცხადებით, „მოძმე ერს“.

რუსები უკვე აღარ ბომბავენ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ცალსახად იმ ერის განადგურებისაკენ მიილტვიან, რომელსაც თვითონვე უწოდებენ ყოვლად ცინიკურად საკუთარ ძმებს და მონათესავე ერს.

სანამ საბრძოლო ვითარება საბოლოოდ გადაიხრება უკრაინელების სასარგებლოდ და ოკუპანტების ამდენი წარუმატებლობის ფონზე, ფრონტი ჩამოიშლება, რუსეთი ყველანაირად ეცდება უკრაინა მიიყვანოს მოლაპარაკებების მაგიდასთან და რაღაცნაირად გაამართლონ თავიანთი ყოვლად გაუგონარი აგრესია და „სამხედრო ოპერაცია“, რომელიც უზარმაზარი მსხვერპლით დასრულდა პირველ რიგში, რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობისთვის და სამხედრო შენაერთებისათვის“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ .

უსაფრთხოების ექსპერტის განცხადებით, ბუნებრივია, უკრაინას მოუწევს ძალიან რთული ზამთრის გადატანა, თუმცა ანდრო გოცირიძე  მიიჩნევს, რომ უკრაინა ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არის.

„მე ვნახე როგორც კიევის მერის, ასევე უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების  მოწოდებები, რომ მიუხედავად ცივი ზამთრისა, მათ შესწევთ უნარი გარკვეული გადაჯგუფებები მოახდინონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში ისე, რომ ეს მათ არ შემოუბრუნდეთ მსხვერპლით“ , – აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ „ცივი ზამთრისთვის, ევროპაც მზად აღმოჩნდა (ჯერჯერობით ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში)“.

„მოგეხსენებათ, კრემლის რეჟიმი ყველაზე დიდ აქცენტს სწორედ ევროპის მოქალაქეებისა და შესაბამისად, მთავრობების უკმაყოფილებაზე აკეთებდა, თუმცა ფაქტია, რომ  ევროპა იმაზე სწრაფად მოემზადა რუსეთის ენერგიის გარეშე ცხოვრებისთვის, ვიდრე ეს კრემლს წარმოედგინა.

კრემლი ფიქრობდა, რომ სანამ ევროპა ამისთვის მოემზადებოდა, ის უკრაინას მოახრჩობდა. რეალურად, ეს ასე ვერ მოხერხდა.

თუ ეს ასე გაგრძელდა, რუსეთს შემდგომი წარუმატებლობა ელოდება ყირიმსა და სხვადასხვა მიტაცებულ რეგიონში და ერთხელაც იქნება, ასეთი წარუმატებლობა ფრონტს რუსეთისთვის კატასტროფული სისწრაფით, დომინოს პრინციპით ჩამოშლის.

ის მყიფე წონასწორობა, რომელიც რუსეთმა თითქოსდა მოახერხა საზარბაზნე ხორცის 200 000-მდე მობილიზებული ჯარისკაცის შეყვანით, არა პროფესიონალების, არამედ რაოდენობის ხარჯზე, შესაძლოა, ერთ წამში ჩამოიშალოს, ხერსონის მსგავს წარუმატებლობაზე“ , – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

 

„წაგებულ ომს რუსეთს არ პატიობენ.. გადავხედოთ რუსულ ისტორიას და დღევანდელ მდგომარეობას“

 

როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აღნიშნა, „ნიშანდობლივია, რომ რუსებმა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოღვაწეთა ძეგლები, თავად გრიგორი პოტიომკინ-თავრიდელის ნეშტიც კი გაიტანეს, რაც ანდრო გოცირიძის შეფასებით, ყოვლად გაუგონარი მოქმედებაა.

„ეს ძეგლები იქ არც არავის სჭირდებოდა, მაგრამ უბრალოდ ჩემთვის გაურკვეველია, როდის იყო, დატოვებული ქალაქიდან, ძეგლი ან კულტურული ატრიბუტი გაჰქონდათ? მეჩვენება, რომ კრემლის დღევანდელი რეჟიმიც შორს არის რაციონალიზმისგან და რაღაც კულტისტურ შენაერთთან გვაქვს ადგილი.

მესმის საინფორმაციო კამპანიის, პროპაგანდის, მაგრამ აშკარა წარუმატებლობასა და მარცხს, ორი დღის მანძილზე, გამარჯვებად ასაღებდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქ რაციონალური მარცვალი ნაკლებია.

ეს არ არის უკანასკნელი წარუმატებლობა რუსეთის ჯარისა და შესაძლოა, სადღაც 6 თვეში, ერთ წელიწადში პუტინის რეჟიმის დამხობით დასრულდეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს, ანდრო გოცირიძე ასე პასუხობს:

„გადავხედოთ რუსულ ისტორიას და დღევანდელ მდგომარეობას. რუსული ისტორია ამბობს, რომ რუსეთში ვერცერთი მეფე და მმართველი ვერ გადარჩა და წაგებულ ომს რუსეთს არ პატიობენ, ვთქვათ, პირველი მსოფლიო ომი, რომ ავიღოთ მაგალითად.

ასევე, შევხედოთ დღევანდელ მდგომარეობას – კრემლის დღევანდელი მმართველი იმდენად ვეღარ ეყრდნობა ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ უწევს პრიგოჟინის, კადიროვისა და სხვადასხვა კრიმინალის ნების მიხედვით, ამა თუ იმ გენერლის თუ მთავარსარდლის შეცვლა და ძალიან ხშირად, მხოლოდ მათ მოწონებას იმსახურებს ხოლმე.

ამიტომ ეს კოროზია ძალიან დიდი სისწრაფით არის დაწყებული კრემლში და კიდევ ერთმა, ნებისმიერმა, ასეთმა მნიშვნელოვანმა წარმატებამ შესაძლოა, უკრაინის ფრონტი ერთ დღეში ჩამოშალოს და პუტინს მაშინვე მოუწევს პასუხისგება იმ ასი ათასობით ჯარისკაცზე, რომლის გამოც ახლა, მისი თითქოსდა თანაგუნდელები, პირიქით, ხოტბას ასხამენ, როგორც ჯერ კიდევ გამარჯვებული არმიის ხელმძღვანელს“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ომში გარდამტეხ ფაზად შეფასდეს ხერსონის დაბრუნება, საპასუხოდ ანდრო გოცირიძემ აღნიშნა, რომ ახლა, მსგავსი პროგნოზის გაკეთება რთულია.

„სათქმელად ძალიან რთულია. ახლა რომ ნოემბრის შუა რიცხვებია, უკრაინას შესაძლოა, შემდგომი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ამ წელიწადში დრო არ დარჩეს, რადგან ვხედავთ, როგორ მიიწევს უკრაინის შეიარაღებული ძალები, გარკვეულწილად, სკრუპულოზურად მზადდება ოპერაცია და შემდგომი არის ხოლმე ასეთი შემტევი ფაზა.

არ მგონია, ამ ზამთრის დადგომამდე, კიდევ ასეთი მნიშვნელოვანი რაიმე წინსვლა მოხდეს, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია ამ ზამთრის პერიოდში უკრაინამ მოახერხოს ფსიქოლოგიური მობილიზაცია და მხარდამჭერების მობილიზაცია, რადგან გვინდა თუ არა, ომი გაჭიმულ, პოზიციურ ფაზაში გადავა და სადღაც გაზაფხულამდე, უკრაინაში საბრძოლო სულისკვეთება არ უნდა დაეცეს“, – განაცხადა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“  უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები