LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერმა ორ კვირაში ოთხი ქვეყანა მოინახულა: „ამ მოგზაურობისას აქცენტი კულინარიაზე გავაკეთე…“

489
giunteri

ანი გიუნტერმა მაისის თვეში საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა, რამდენიმე ქვეყანა მოიარა და ბრწყინვალე ადგილები დაათვალიერა. სოციალურ ქსელში გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებდა საინტერესო ფოტოებს. დაბადების დღეც საზღვრებს გარეთ აღნიშნა და თბილისში დაბრუნებულმა fortuna.ge-ს ემოციებისა და შთაბეჭდილებების მთელი სპექტრი გაუზიარა.

ანი გიუნტერი: 

ჩემი დაბადების დღე ყოველთვის არა ერთი, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ჩემი მოგზაურობა დაიწყო ჩემს უსაყვარლეს მიუნხენში, სადაც როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს, მით უმეტეს, იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს და სხვებიც გვიერთდებიან ხოლმე. როცა გინდა ევროპის მონახულება, უნდა იცხოვრო ოჯახში, სხვა შემთხვევაში, ტურისტი ხარ, როგორც უცხო ადამიანს, ისე გაწვდიან ინფორმაციას. ჩემთვის ევროპა არის მარკეტში სიარული, იქაური კერძების მომზადება, ბავშვისთვის სკოლაში მიკითხვა, დავალებების შესრულება მეგობრის შვილთან ერთად. ეს ყოფა სხვანაირად მოქმედებს, იქაური მოქალაქე ხდები თუნდაც დროებით და ამ ატმოსფეროში ჩაფლული უფრო შეიგრძნობ ევროპას თავისი სირთულეებით, ბიუროკრატიით, უფრო მეტად აფასებ საქართველოს, სადაც ერთი ზარით შეიძლება მოაგვარო რაღაც საკითხი, გერმანიაში კი რვა წერილი დაგჭირდეს. ბევრი საინტერესო დეტალია. მიუნხენი ზოგადად გამორჩეულია. მინი ოქტობერ ფესტზე მოვხვდი, გამიმართლა. ერქვა გაზაფხულის ფესტივალი. სულ შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ამ დღეებში ტარდებოდა.

მოვხვდი ავსტრიაში, ჩეხეთშიც. ვნახე ულამაზესი კარლოვი-ვარი, თავისი სამკურნალო წყლებით. რომ დადიხარ, მართლა გრძნობ, რამხელა ისტორიის ნაწილი ხარ. რაც შეეხება ავსტრიის პატარა სოფლებს, შეყვარებული ვიყავი მათში. არვინ იბრძვის იმისთვის, რომ გახდეს მეფე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კონტრასტულია მაშინ, როდესაც ვიცით, როგორი დამოკიდებულებაა მონარქიის წარმომადგენლების მხრიდან. იმპერატორის შთამომავალი ცხოვრობდა ერთ-ერთ სოფელში, სადაც ვიყავი, თავის დროზე ავსტრიის იმპერატორს  ძალიან უყვარდა ეს სოფელი და მისი მეუღლე განიკურნა სასწაულებრივად წყლებით, მოვისმინეთ საინტერესო ამბები. თვითონ ფაქტი და მიდგომაც საინტერესოა, რომ იმპერატორის შთამომავალი დღემდე იმ სოფელში ცხოვრობს და მშვენივრად გრძნობს თავს – ხუმრობით ამბობს, ნეტავ მონარქია არ დაბრუნდეს, ვენაში წასასვლელი ვიქნები იმპერატორად სამუშაოდო.

ძირითადად, ამ 10 დღეში სამი ქვეყანა მოვინახულე. ახალგაზრდულ კულტურულ პროგრამასაც არ ჩამოვრჩით, კლუბებს ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, არის განსხვავებები, მაგრამ გააჩნია ვისთან ერთად ხარ. შეიძლება, სოფლის კლუბშიც კარგად გაერთო მეგობრებთან ერთად. იქაც, რომ არ ყოფილიყო კარგი პირობები, მაინც სხვანაირად მხიარული გამოვიდოდა.

ამ მოგზაურობაში კულინარიულ მხარეზე გავამახვილე ყურადღება განსაკუთრებულად – პატარ-პატარა სოფლებში დავდიოდით და დავდიოდით არატურისტულ ადგილებში, ვკითხულობდით, სად მზადდებოდა ადგილობრივი კერძები ყველაზე გემრიელად. დიდი მადლობა ამისთვის ჩემს მეგობრებს. თუ ადამიანს უნდა, მართლა შეიგრძნოს, რა საჭმელი მზადდება გერმანიაში, არ უნდა დაიზაროს ასეთი ადგილების აღმოჩენა…

ანდექსის მონასტერია ერთი ასეთ ადგილი, სადაც ჩასვლა ტრადიციად მექცა ამ ჯერზე ორგანზე უკრავდნენ და უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა. მიუნხენიდან საათნახევრის სავალშია და სულ მივდივართ. გერმანიაში თითქმის ყველა მონასტერს აქვს თავისი ლუდსახარში, გზაში გვკითხეს – სად მიდიხართ, ლუდის დასალევად თუ მოსალოცადო. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ორივე მიზნით მივდიოდით. გერმანიაში ლუდი არის მიჩნეული არსებობისთვის მნიშვნელოვან პროდუქტად, როგორც შაქარი, კარაქი, პური და ა.შ. არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, 6-70-80 წლის ადამიანებსაც კი ლუდის კათხა უდგათ. განსაკუთრებული მიდგომა აქვთ.

გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე გავიგეთ, რომ გერმანიაში იყო ნატურალური ლუდის დაცვის დღე, მისი სიწმინდის დღე. ასეთი დღეც აღვნიშნე ჯერ ჩეხეთში და მერე უკან დაბრუნებულმა – გერმანიაშიც.

გავიცანი უამრავი ახალი ადამიანი, მათ შორის, ბევრი უკრაინელი, რომლებსაც ძალიან დავუახლოვდი. როდესაც ვიყავით ატრაქციონებით სავსე გაზაფხულის ფესტივალზე, როდესაც ჩემი მეგობარი ოქსანა, შესანიშნავი გულის პატრონი, იარაღს ხედავდა და ტირზე სროლაზე იყო საუბარი, მასშიც და ჩემშიც ეს არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა. ასეთ ადგილებში ბოლომდე უნდა განიტვირთო, მაგრამ გადავხედე და ვკითხე, შენც იმავეს ფიქრობ, რასაც მე-მეთქი. „თოფი სათამაშო არ არის“ – ერთმანეთს ვუთხარით და გავიარეთ.

არ ვიცი, შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ მოვინახულეთ საკონცენტრაციო ბანაკი, – „შრომა ათავისუფლებს“ – ასეთი წარწერა ჰქონდა. დამცინავი წარწერაა, მაგრამ თითქმის ყველა ასეთ ბანაკში შეხვდებით. კამერებიც ვნახეთ, შემაძრწუნებელი იყო, სხვანაირი ენერგია ტრიალებდა… იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მას მერე სხვანაირად ვაფასებ ყოველ წამს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ისტორიის ნაწილი და ბევრი გერმანელი სტუმრობს ამ მიზნით, რომ იცოდნენ, რას სჩადიოდნენ წარსულში…

ამ მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი თბილისში, სადაც დაბადების დღე აღვნიშნე და 13 მაისს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ჰოლანდიაში გაფრენა, მოვინახულე ამსტერდამი და გადასარევი დრო ვატარე, ასევე ჰააგა, რომელიც არის ულამაზესი და აქვს ულამაზესი ზღვა. აქ ხუთი დღე დავყავი. იქ საქმის გამოც ვიყავი. გავსინჯე თუ არა ამსტერდამში რამე? მე ყოველთვის ვმოქმედებ ქვეყნის წესების მიხედვით. სადაც ხარ, იქაურ ქუდს იხურავ, თუმცა ჩემგან ვერასდროს ვერავინ ეღირსება რაიმეს პროპაგანდას და იმის მტკიცებას, რომ ეს არის არაფერი და ხანდახან ყველაფერი შეიძლება. რატომ უნდა გამესინჯა იქ, როდესაც ვაღიარებ, რომ ისედაც გასინჯული მაქვს. გასინჯვის რა მოგახსენო…

ჰააგაში ჩემი მასპინძელი იყო არაჩვეულებრივი ნატაშა სმოლსკა, რომელის კლინიკა liquidbeauty clinic იმ სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა, რომლის გასაღები დამითმო და თავად სხვაგან გაემგზავრა. გახარებული დავრჩი მცირე დროში ასეთი ნდობით და დამეგობრებით. გარდა ამისა, ჩემს თავზე საჩუქრად გამოვცადე სილამაზის პროცედურების მთელი ნაკრები, როგორიცაა მაგალითად, ჰიფუს პროცედურა, – ის  ძალიან დროული იყო დაბადების დღეზე, მის შედეგად ვიზუალურად ველოდები 5 წლის დაკლებას, არაოპერაციული მეთოდით.

შემდეგი გაჩერება მაქვს დუბაი, ეს უკვე ბავშვების თხოვნით, თუმცა შედარებით ცივ თვეებში, რომ ძალიან არ ცხელოდეს. ზაფხულში არ ვიცი, საითკენ ავიღებ გეზს – იქნება ეს უცხოეთი თუ საქართველო. უბრალოდ, ვიცი ერთი რამ – ვაპირებ ისეთ დასვენებას, რომ მთელი წელი გამყვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g