LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი: აუცილებელია, გასაჯაროვდეს, რა შეკითხვებით მიმართა ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს

81
ანრი ოხანაშვილი

დღეს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაასაჯაროვა მისი მიმართვის საფუძველზე მომზადებული ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ არის მომზადებული.

ომბუდსმენის განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა წინასწარი კონსულტაციები.

სახალხო დამცველის ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ჩანიშნა ბრიფინგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით,  ეუთო/ოდირმა დასკვნა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შეკითხვების საფუძველზე მოამზადა.

როგორც ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახალხო დამცველის  მიმართვამდე, ეუთო/ოდირს პარლამენტთან კონსულტაცია არ ჰქონია და არც  საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტებით დაინტერესებულა.

„არ დაინტერესებულა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ჩვენს ხელთ არსებული კანონმდებლობის ანალიზით. ჩვენთვის უცნობია იმ შეკითხვების შინაარსი, რაც სახალხო დამცველის ოფისმა წარადგინა ეუთო/ოდირისთვის“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მოსაზრებით, დასკვნაში საუბარი არ არის იმაზე, თუ რამდენად თავსებადია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და საგამოძიებო სამსახურის ფუნქცია ერთი სამსახურის ხელში.

„გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მისწოდებია, რაც მას საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა.

გამოდის, ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში.

ის, რომ შინაარსობრივად არასწორი და არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით.

მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ, მაგრამ ახალი სამსახურების თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ ასარჩევი კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც სიმართლე არაა და მარტივად გადასამოწმებელია რეგლამენტში.

დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რაც ასევე არაა სიმართლე; დასკვნაში ვკითხულობთ – იმისთვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნეს არჩეული.

აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, აუცილებელია, გასაჯაროვდეს, რა შეკითხვებით მიმართა ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს.

ოხანაშვილის თქმით, ასევე საინტერესოა, ეუთოს თუ მიეწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მოქმედ ხელმძღვანელს შეეძლო გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქმნება ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ამ ორ სამსახურს შორის განაწილდა ფუნქციები, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორი 2016 წლიდან აერთიანებდა.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ცნობილია, რომ საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს სასამართლო საკითხის განხილვას.

NGO-ები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი

ამასთანავე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა დასკვნა მოამზადა, რომელიც დღეს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა.

ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს კანონის მოქმედება – ლომჯარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე დასკვნას ასაჯაროებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g