სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ამ სარჩელით ის მოითხოვს საკითხის განხილვამდე შეჩერდეს კანონის მოქმედება, რომლითაც მისი სამსახური უქმდება.
თოლორაიას განცხადებით, უწყების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი მისი ხელმძღვანელის არჩევით ბუნება და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში კანონით მისთვის დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტიებია.
“სწორედ საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი შინაარსითა და დანიშნულებით, განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს”, – აცხადებს თოლორაია.
სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომლითაც “საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”.
“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავის სათქმელს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ყველა არჩევითი თანამდებობის სტაბილურობის, უსაფუძვლოდ მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს ლონდა თოლორაია.
სახელმწიფო ინსპექტორის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს.
სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმაც მიმართა.
სახალხო დამცველი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე – შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1 მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტიანი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება:
“საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საკანონმდებლო ცვლილებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება არის გათვალისწინებული.
2018 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ინსტიტუტი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2019 წელს ინსპექტორი საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი. 2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო კანონის პროექტის განხილვა და ზუსტად ოთხ დღეში მიიღო სამი მოსმენით, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით სარგებლობის, ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება იყოს გამართლებული, რასაც ადგილი არ ჰქონია ამ შემთხვევაში.
კანონპროექტის განხილვის ეტაპზე საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულის თაობაზე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტს არ მიეღო არაკონსტიტუციური ცვლილებები.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს (მის მოადგილეებს) და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ.
საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე – შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1 მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება.
საკითხის მნიშვნელობიდან და განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, წარმოადგინონ სასამართლო მეგობრის მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე და მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.