კომპანია Apple მზადაა, გადაიხადოს 113 მილიონი დოლარი იმ შემთხვევაში თუკი მის მიმართ დაწყებული გამოძიება შეჩერდება. საქმის აღძვრის მიზეზი ძველი მოდელის iPhone–ების განზრახ შენელება გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ამერიკის 34 შტატში დაიწყო.
პროცესს არიზონის, ინდიანისა და არკანზასის შტატები ხელმძღვანელობენ. Apple–მაც გადაწყვიტა საქმე მარტივად მოაგვაროს და საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს, თუმცა მისი ეს ჟესტი ბრალის აღიარებას ნამდვილად არ ნიშნავს.
არიზონას შტატის გენერალური პროკურორის, მარკ ბრნოვიჩის განცხადებით, კომპანია Apple–მა ძველის მოდელის ტელეფონების მუშაობის შენელებით მომხმარებელი აიძულა რომ ახალი მოდელი შეეძინა და ამ გზით საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მიიღო. დიდი კორპორაციების ასეთი ქცევა გამართლებული ვერაფრით იქნება.
აღსანიშნავია, რომ 113 მილიონი ეს ყველაფერი არაა და ბრენდის ფინანსური ზარალი კიდევ უფრო მეტი იქნება. კომპანიას 2017–2018 წლებში iPhone–ის ათასობით მფლობელმა უჩივლა და მათი სარჩელების დაკმაყოფილება Apple–მა 2020 წლის მარტში გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ბრენდს 310–დან 500 მილიონამდე დოლარის გადახდა მოუწევს. თანხის საბოლოო ოდენობა მოსარჩელეთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.