LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა iPhone15 წარადგინა

210
iphone 15

კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში მდებარე სტივ ჯობსის თეატრმა ტექნოლოგიური ინდუსტრიის წლის მთავარ ღონისძიებას უმასპინძლა – Apple-ის მენეჯერებმა ჭკვიანი ტელეფონების და ჭკვიანი საათების ახალი მოდელები და პროგრამული განახლებები წარადგინეს.

iPhone 15

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს ისაა, რომ ახალი თაობის ყველა iPhone-ს USB-C პორტი დაემატა, რაც მონაცემების გადაცემის სიჩქარესა და დამუხტვის ტემპს ზრდის. Apple-ის ამ გადაწყვეტილებას ევროპელ კანონმდებლებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელთაც ამერიკული კომპანია აიძულეს, ახალ მოწყობილობებში გლობალურ სტანდარტად ქცეული USB-C ტიპის პორტი ჩაემონტაჟებინა.

კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ დინამიკური კუნძული, რომელიც შარშან მხოლოდ Pro სერიის მოდელებში იყო ხელმისაწვდომი, ამიერიდან მას iPhone-ის ყველა მოდელში შევხვდებით. დინამიკურ კუნძულთან ერთად დაიხვეწა iPhone-ის საბაზისო მოდელის ეკრანიც. მართალია, დისპლეი კვლავაც OLED Super Retina XDR-ია, მაგრამ გაორმაგდა სიკაშკაშე, გაიზარდა დისპლეის ზომაც, რაც Apple-მა გვერდების კიდევ უფრო შეთხელებით მოახერხა. ეკრანს ზემოდან გადაკრული აქვს კერამიკული ფირი, რაც მის გამძლეობას აორმაგებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება კამერას შეეხო. მთავარი სენსორი, რომელიც წინა თაობის iPhone-ში 12 მეგაპიქსელიანი იყო, 48 მეგაპიქსელიანით ჩანაცვლდა.

რაც შეეხება ახალი iPhone-ის ზომებს, ტელეფონი წელსაც ორ მოდელით იქნება წარმოდგენილია – 6.1-ინჩიანი ჩვეულებრივი iPhone 15 და 6.7-ინჩიანი iPhone 15 Plus.

და ბოლოს ფასების შესახებ, ისინი უცვლელია – iPhone 15-ის საწყისი ფასი 799 დოლარია, Plus-ის კი 899.

iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max

პრემიუმ სეგმენტის ახალი თაობის iPhone-ბს ტიტანის ჩარჩო ექნებათ. განახლდა და დაიხვეწა დიზაინი. ტელეფონები ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი.

პრემიუმ სეგმენტის ახალი თაობის iPhone-ბში მთავარი სამნანომეტრიანი A17 Pro ჩიპია. ეს ყველაზე უფრო მძლავრი მობილური ჩიპია, რომელიც Apple-ს ოდესმე შეუქმნია. ახალ პროცესორს 10%-ით გაუმჯობესებული ექვსბირთვიანი CPU და 20%-ით უფრო მძლავრი ექვსბირთვიანი GPU აქვს. ამასთან, ეს ჩიპი 19 მილიარდ ტრანზისტორს იტევს, რაც სამი მილიარდით მეტია, ვიდრე A16-ის შემთხვევაში.

iPhone 15 Pro-ს საწყისი ფასი 999 დოლარია, iPhone 15 Pro Max-ის შეძენა კი 1199 დოლარიდანაა შესაძლებელი.

Apple Watch Series 9, Apple Watch Ultra

ჭკვიანი საათების მიმართულებით ორი სიახლეა – მე-9 სერიის Apple Watch და მე-2 თაობის Apple Watch Ultra. პირველის შემთხვევაში განახლდა ჩიპი, დისპლეი, პროგრამული დეტალები და დიზაინი. მე-9 სერიის Apple Watch-ს ორბირთვიანი S9-ჩიპი აქვს, რომელშიც 5.6 მილიარდი ტრანზისტორია მოთავსებული, რაც 60%-ით მეტია, ვიდრე წინა თაობის ჩიპში. ამასთან, პროცესორში მოთავსებულია ოთხბირთვიანი ნეირონული ძრავაც, რომლითაც დავალებების ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით შესრულება ორჯერ დაჩქარდა. ამ საათს ბევრი ახალი ფერი დაემატა, მათ შორის, ვარდისფერი და ოქროსფერი.

Apple Watch Ultra-ში  სიახლეები მოწყობილობის შიგნით უნდა ვეძებოთ, რადგან საათის დიზაინი თითქმის არ შეცვლილა.  საათი აღჭურვილია ახალი, S9 SiP ჩიპით და Always-On Retina დისპლეით, რომლის მაქსიმალური სიკაშკაშე 3000 ნიტს უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დისპლეი ყველაზე კაშკაშაა, რომელიც ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს საათებში ოდესმე გამოუყენებია.

ალუმინის ბუდის მქონე მე-9 სერიის Apple Watch-ის საწყისი ფასი 399 დოლარია, უჟანგავი ფოლადის საათის მინიმალური ფასი კი – 699. Apple Watch Ultra-ს შეძენას 1199 დოლარიდან შეძლებთ.

რაც შეეხება ყურსასმენებს, ამ პროდუქტთან დაკავშირებით Apple-მა მხოლოდ პროგრამული განახლება შემოგვთავაზა.

Apple-ის ახალი მოწყობილობები საქართველოში სექტემბრის მიწურულს ან ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები