წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1% შეადგინა, – ამის შესახებ საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს. მისივე ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა.
„სექტორების მიხედვით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურებით გაწევის დარგში. კლების ტენდენცია ნარჩუნდება მშენებლობისა და სამთომომპოვებითი მრეწველობის დარგებში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა და 1 133.4 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 3.1%-ით შემცირდა და 2 726.2 მლნ დოლარი შეადგინა.
