მთავრობის ადმინისტრაციის წინ სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” აქტივისტები გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილისა და მისი იურიდიული სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსს მართავენ.
აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ სიმბოლურად, ნაგვის ურნები მიიტანეს და რამდენიმე მათგანი შესასვლელშიც შეიტანეს.
ერთ-ერთი აქტივისტის გიგა მაქარაშვილის თქმით, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თანამდებობას ახლაც იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე დღის წინ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.
„მთავარი მოთხოვნა არის გორის მერის უპირობო გადადგომა იმ უპასუხისმგებლო განცხადების გამო, რომელიც მან 9 ოქტომბერს გააკეთა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას და ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა და პირადად მე ჩამომამხო ნაგვის ურნა თავზე მისი იურიდიული სამსახურის უფროსმა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღიძრა, ჯერჯერობით წინსვლა არ არის. ნაგვის ურნები სწორედ სიმბოლური აქციაა,” – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მიმდინარე კვირის ბოლომდე საქმეში წინსვლა არ იქნება, აქციებს უკვე გორში დაიწყებენ.
სამოქალაქო აქტივისტები აქციას გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადების გამო მართავდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, გორის მერმა 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაანაშაულა.