საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით იმართება. შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ და ძველი ტარიფის დაბრუნებას ითხოვენ.
სემეკ-თან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც. საპრტოტესტო აქციაზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილიც:
“ორი მოთხოვნა გვაქვს, პირველი – ტარიფების შემცირება აუცილებლად არის გადასახედი და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არა დაკლება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რა ტარიფიც აქამდე იყო.
მეორე – სემეკმა გაასაჯაროვოს ხელშეკრულება, ჩვენ რომ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, შუაში უჩა მამაცაშვილი რომ ჩაჯდა და ამ დრომდე არ ვიცით, რამდენი მიაქვს, ეს ხელშეკრულება გვაჩვენოს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რამდენი მილიონი მიაქვს ბიძინა ივანიშვილს”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სწორედ არა ტარიფების გაიაფებას, არამედ იმ ტარიფის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც იყო 2012 წელს.
დედაქალაქის პარალელურად, მოქალაქეები ტარიფებს აპროტესტებდნენ სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.
ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მიმდინარე წელს განცხადებით ორჯერ გამოეხმაურა სემეკი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა:
“2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.
პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდიან.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას”, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.