LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები სიმაღლეში იზრდებიან, ზოგმა 3 სანტიმეტრით, ზოგმა 4-ით, ზოგმა კი 2.5-ით მოიმატა… პრეპარატმა აჩვენა ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა“ – იაშვილის საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსი

132
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე იმ ბავშვების ნაწილმა, რომლებმაც სამკურნალო მედიკამენტის მიღება დაიწყეს, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატეს და მათი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდა – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა ისაუბრა.

„დღეს პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ.. ბავშვებს, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამლის მიღება, 3 თვეში 2 სანტიმეტრიანი ზრდა ჰქონდათ – მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული“ – მაკუნა გოჩიაშვილი

ეკა კანდელაკის თქმით, სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ამასთან ინექციის მისაღებად უკვე ემზადება მე-4 ნაკადიც.

„ეს იოანეა, 5 წლის, ოქტომბერში დაიწყო წამლის ვოზორიტიდის მიღება და მას მერე 7 სანტიმეტრი აქვს მომატებული, ფოტო მარცხნივ გადაღებულია ზუსტად ერთი წლის წინ, მარჯვნივ – რამდენიმე დღისაა“ – რა შედეგს გვიზიარებს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა

„ამ ეტაპზე, აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების მესამე ნაკადი გვყავს და ამ დროისთვის, ჩვენთან 5 პაციენტი დადის. ამ მედიკამენტის [ვოსორიდიტი] გამოყენება შარშან, 15 ნოემბერს დავიწყეთ და ეტაპობრივად სამი ჯგუფი ჩავრთეთ, ამ დროისთვის მე-4 ჯგუფი ემზადება ჩასართავად.

ნოემბერში შედეგებს შევაჯამებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პერიოდული შემოწმების საფუძველზე, რასაც ჩვენ ვატარებთ 3 ან 6 თვეში ერთხელ, მედიკამენტის მოქმედების ძალიან კარგი, პოზიტიური შედეგებია – სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვაგვარი, მაგრამ სიმაღლეში ზრდის მაჩვენებლები მიღებული გვაქვს. სიმაღლეში ზრდაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რაც ამ ბავშვებთან მოხდა, იმიტომ, რომ მათთვის ყოველდღიური ცხოვრებისეული გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად 1-2 ან 3 სანტიმეტრი გადამწყვეტი იყო და მათი სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

თუმცა ამ ჯგუფს (საკმაოდ სერიოზული ჯგუფია პაციენტების) ძალიან ბევრი თანმხლები სხვა მდგომარეობაც აქვთ, რომელიც მათი ძირითადი დიაგნოზით არის განპირობებული და ამ თანმხლები მდგომარეობების კვლევას და მართვასაც, ასევე, ჩვენს კლინიკაში ვცდილობთ.

ბავშვები იზრდებიან, ზოგმა 3 სანტიმეტრი, ზოგმა 4 სანტიმეტრი, ზოგმა კი 2.5 სანტიმეტრი მოიმატა. ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, ამ მედიკამენტმა გამოავლინა. ამ შემთხვევაში, ცალკეული მაგალითების მოყვანა სწორი არ იქნებოდა, ხოლო შედეგების შეჯამება ნოემბრის ბოლოს გვექნება.

ამ მედიკამენტს თანმხლები ეფექტები გააჩნია და რამდენიმე პაციენტთან გამოვლინდა თანმხლები მოვლენები, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამ მედიკამენტის გამოყენებას (არც იყო მოსალოდნელი, რომ მოჰყოლოდა) არ მოჰყოლია.

აქონდროპლაზია არის მძიმე დაავადება, მას ახასიათებს სხვა გამოვლინებანიც, გარდა იმისა, რომ სიმაღლეში ზრდის პრობლემებია, აქ სხვა გამოვლინებებიც არის. კერძოდ, ხერხემლის და კიდურის დეფორმაციები, ჰიდროცეფალია, ძილის პრობლემები. რასაკვირველია, ეს პრობლემები ამ ბავშვებს აქვთ.

მედიკამენტის ფონზე ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რომ გვეთქვა – „ეს კომორბიდობები გამოსწორებულია“, თუმცა წლის ბოლოს შეჯამება მოგვცემს უფრო მეტის თქმის საშუალებას. მედიკამენტის მწარმოებელიც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გვეუბნება, რომ ეს კომორბიდობები, რაც არის, იქნება მთლიანად ალაგდეს, ამ მედიკამენტის გამოყენების შედეგად, ეს ასე არ გვაქვს და არც ასე იყო მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა და სიმაღლეში ზრდა არის, ზოგან ნაკლები, ზოგან კი მეტი. მედიკამენტის შედეგები ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია: ასაკზე, სქესზე, მკურნალობის დაწყების პერიოდზე და ა.შ.“ – განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა

ცნობისათვის, 2023 წელს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების უწყვეტი აქციების შემდეგ, 2023 წლის 26 ივლისს მთავრობამ „ვოსორიდიტის“ საქართველოში შემოტანის გადაწყვეტილება მიიღო, ამავე წლის 15 ნოემბერს კი, იაშვილის კლინიკაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ნაწილმა სამკურნალო პრეპარატის პირველი ინიექცია გაიკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g