„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, თბილისში, ნაძალადევში მდებარე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე პარტიის წარმომადგენლებს ვიდეომონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებაში ხელს უშლის.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაღებისა და ვიდეომონიტორინგის უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა უბანზე.
მისივე ინფორმაციით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა თბილისის 582-ვე უბანზე დაამონტაჟეს ვიდეომონიტორინგის კამერები, რაც კანონითაა გათვალისწინებული.
„დაიწყო 4 ოქტომბრის საარჩევნო პროცესი. საქართველოში არის ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები. ივანიშვილის რეჟიმის რღვევა თვითმმართველობით უნდა დაიწყოს და ჩვენ თვითმმართველობა უნდა გავათავისუფლოთ კორუფციული და სიღარიბის მარწუხებისგან. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს, ყველას მოგიწოდებთ მოიხადოთ თქვენი სამოქალაქო ვალი და აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა თბილისის 582-ვე უბანზე დაამონტაჟეს ვიდეომონიტორინგის კამერები. ეს კამერები გათვალისწინებულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის 25-ე ნაწილით. ამ გადაღებისა და ვიდეომონიტორინგის უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა უბანზე. ჩვენს წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, რომ აწარმოონ მთელი საარჩევნო პროცესის ვიდეომონიტორინგი, რაც ნიშნავს, რომ ყველა მზაკვრული გეგმა, ყველა სისტემური დარღვევა, ყველა „ძველი ბიჭებისა“ თუ პოლიციის უკანონო მობილიზება უბანზე, ყველა გადაცდომა და ექსცესი იქნება დაფიქსირებული. მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ყველა კომისიის თავმჯდომარესა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: ხელი არ წაგიცდეთ ამ კამერებზე! „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ითვალისწინებს ვიდეომონიტორინგს. უთხარით ყველას, ყველა უბანს, რომ ამ კამერების დაყენების ხელის შეშლა არის ძალიან მძიმე დარღვევა. რამდენიმე კამერა ლაივსტრიმზე მოდის ჩვენთან, კამერების უმრავლესობა ვიდეოჩაწერას ახორციელებს. ნაძალადევის რაიონის 33-ე უბანს უბნის თავმჯდომარე, ნინო ნოზაძე ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევს საშუალებას კამერა რომ გაასწორონ და ვიდეომონიტორინგი განახორციელონ. პირადად ნინო ნოზაძეს მივამართავ, რომ ის ჩადის უმძიმეს დარღვევასა და დანაშაულს, როცა ამას აკეთებს. პირდაპირ ეთერში მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს ეს დანაშაული და დაუშვას ჩვენი კამერის თავისუფალი გადაღება, ზუსტად ისე, როგორც ამას ახორციელებს „ქართული ოცნება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საჩივარი წავა ბოლომდე. ეს არის უმძიმესი დარღვევა და ასეთ ფაქტებს ბოლომდე გავყვებით. მთელი თბილისის მასშტაბით არის კიდევ გარკვეული ადგილები, სადაც მიდის ეს ჭიდაობა კამერების დაყენებაზე. აბსოლუტურად ყველა უბანზე თანაბარი უფლება გვაქვს, რომ ვიდეომონიტორინგი ვაწარმოოთ. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორი იყო საარჩევნო დღე და რას მაიმუნობთ მაგ საარჩევნო უბნებზე, ამიტომ ხელი არ წაგიცდეთ ამ კამერებზე! პროცესს ვადევნებთ ასევე თვალყურს მთელი საქართველოს მასშტაბით, აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბანს აკვირდება ჩვენი წარმომადგენელი. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: დღეს, 4 ოქტომბერს გამოყონ მცირედი დრო იმისთვის, რომ წავიდნენ და ხმა მისცენ ცვლილებას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.