LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ენდოთ ცრუ წაქეზებებს, მოწევის წესების დარღვევა სტადიონებზეც ჯარიმდება“ – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

81
უსათაურო დიზაინი (1)

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მონიტორებმა სტადიონზე „დინამო არენა“ მოწევის წესის დარღვევა დააფიქსირეს.

როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციამ თამბაქოს კონტროლის რეგულაციის დამრღვევი დააჯარიმა.

„ამ ფაქტს საგანგებოდ არც აღვნიშნავდით, რომ არა სტადიონების ადმინისტრაციების და მათი სტუმრების აღნიშნული რეგულაციის აღსრულების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) სტადიონზე მოწევას კატეგორიულად კრძალავს. საერთაშორისო ორგანიზაციები სრულად მიუღებლად მიიჩნევენ თამბაქოს მოხმარებას იქ, სადაც სპორტია.

ამიტომაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე სტადიონების ადმინისტრაციები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მოთხოვნა ზედმიწევნით აღსრულდეს. ყურადღება მნიშვნელოვნად მოდუნებულია შიდა თამაშებზე. მოწევის რეგულაციის აღსრულების მონიტორინგზე არც სტადიონების მომსახურე პერსონალი იწუხებს თავს და ზოგიერთ მაყურებელსაც ჯერ კიდევ არ აქვს კულტურა, რომ არ მოწიოს იქ, სადაც თამბაქოს მოხმარებას პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობა კრძალავს.

არაერთხელ გვითქვამს, რომ საზოგადოებაში ნებისმიერი კულტურის და მათ შორის, კანონმორჩილის ქცევის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მედიას, რომლის მიერ ხალხისთვის ნათქვამი სიტყვა შედეგს იძლევა. თუმცა, არა ელვისებურს და საჭიროა პერიოდულად შეხსენება, რატომ არის აუცილებელია მოწევის წესის აღსრულება, როგორც ცხოვრების ჯანსაღი გარემოს შექმნის გარანტი.

პასიური სამოქალაქო ცნობიერების გამო, დღეს, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ეფექტურობა მონიტორების მუშაობაზე დამოკიდებულია და სამწუხაროდ, არ არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნული სამსახურის გარეშე კანონის აღსრულების კონტროლი, ხვალ, ან ერთი-ორი წლის შემდეგ საჭირო აღარ იქნება. ამიტომაც, თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც ცდილობს თამბაქოს კონტროლის კანონის დასუსტებას, ებრძვის მონიტორინგის სამსახურს, არ ერიდება არანაირ ცილისწამებას და ცდილობს საზოგადოებაში გულგრილობის გაჩენას, რომ თუ კანონს დაარღვევ, არავინ მოგთხოვს პასუხს.
არ ენდოთ ცრუ წაქეზებებს, მოწევის წესების დარღვევა ჯარიმდება.

თუ ჩვენ დასავლური ღირებულებების ქვეყანას ვაშენებთ, არ უნდა ვცდილობდეთ საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევას, ან დანაშაულზე თვალს არ უნდა ვხუჭავდეთ. მონიტორინგის სამსახურის არსებობის მიზანი სწორედ ამ უნარების, ამ ქცევის გაჩენა – განმტკიცებაა.

ივლისში, სამწუხაროდ, კვლავაც დავაფიქსირეთ დარღვევები. არ გვაქვს ილუზია, რომ ხვალ, თამბაქოს კონტროლის კანონი 100%-ით შესრულდება, მაგრამ გვაქვს მიზანი, რომ ყოველთვიური შემოწმების დროს, სხვადასხვა, 700-მდე ორგანიზაცია – დაწესებულების ოფისში იმაზე უკეთესი შედეგი დაფიქსირდეს, ვიდრე თუნდაც 2018 წლის განმავლობაში, როდესაც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება დაიწყო.

მოქალაქეებს ვთხოვთ, დაიცავით მოწევის რეგულაციები და თუ დაინახავთ, რომ ეწევიან საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეში, შეატყობინეთ 112-ს. გადაიღეთ მოწევის წესის დარღვევის დამადასტურებელი ფოტო, ან ვიდეო მასალა და გადაუგზავნეთ კანონდამრღვევებს. სწორედ ასეთი, სამოქალაქო მიდგომის შედეგად, ივლისის თვეში, რამდენიმე სავაჭრო ობიექტში აღიკვეთა მოწევის ფაქტი და მწეველი დაჯარიმდა.

მოქალაქეებისგან შემოგვდის შეტყობინებები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძოდ, ავტობუსებში მძღოლების მიერ მოწევის წესის დარღვევის შესახებ. გთხოვთ, როდესაც დაინახავთ, რომ რეგულაცია ირღვევა, დააფიქსირეთ დარღვევის კადრი და თუ თვითონ არ გსურთ საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები. ავტობუსში, თუნდაც ბოლო გაჩერებაზე, შესვენებაზე მყოფი მძღოლი არ უნდა ეწეოდეს. ამას უკრძალავს არამხოლოდ სახელმწიფო კანონი, არამედ სატრანსპორტო კომპანიის შინაგანაწესი“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g