„ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ბიზნესზე და ქვეყნის განვითარებაზე, აქ ყოველგავრი პარტიულობა უნდა იყოს გვერდზე გადადებული. აქ რა შუაშია პარტიულობა“, – ამის შესახებ “TV პირველის” ეთერში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არსებობს სერიოზული ინტელექტუალური ძალა: მეცნიერების, ბიზნესმენების, გვყავს არაჩვეულებრივი ემიგრანტები, რომლებიც არაჩვეულებრივად ერკვევიან უდიდეს საკითხებში… ჭყონიას განმარტებით, ეს ინტელექტუალური ძალა ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოყენებული უნდა იყოს.
თუმცა, როგორც ბიზნესმენი ამბობს, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, ის ძირეული რეფორმები, რომელსაც საჭიროებს ეკონომიკა, ცოტა მტკივნეული იქნება.
„საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, არ შეიძლება ძალიან მდიდარი იყოს, მაგრამ შეძლებული, ნამდვილად შეიძლება რომ იყოს. ამიტომ, როდესაც შენ თავს არქმევ მმართველ ძალას, შენზეა ვალდებულება, რომ კონფრონტაცია არ იყოს, შენი ვალდებულებაა, რომ ეკონომიკური კრიზისი არ იყოს, ამის გადაბრალება, რომ ოპოზიცია შემოვიდა-არ შემოვიდა, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს.. აბსოლუტურად არ გვაინტერესებს შიდა პარტიული ბრძოლები, თანამდებობები… ჩვენ გვაინტერესებს, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების საშუალება, ნორმალური კანონები, ნორმალური სასამართლო სისტემა“, – განმარტავს ჭყონია.
ცნობილი ბიზნესმენი მთავრობას რჩევას აძლევს, რომ ბიზნესს მომავალი დაანახოს. “მაგალითისთვის გეტყვით, რომ პანდემიის პერიოდი როცა დაიწყო, უდიდესმა კომპანიებმა, რომელთა ფრენჩაიზი ჩვენ გვაქვს, დაგვირეკეს და ჩვენს ბიზნესს რა გადასახადებიც ეხება, 1 წლით შეგვიმცირეს… მთავრობამ მომავლის გრძნობა უნდა გაუჩინოს ადამიანებს. უთხარით, რომ დღეს გვიჭირს, არ შეგვიძლია სუბსიდირება, მაგრამ როდესაც გაიხსნებით, თქვენი გადასახადები შემცირებული იქნება 40%-60%-ით. ახლა კი, ვსხედვართ, არ ვიცით დღეს რა გავაკეთოთ და მომავალიც არ ვიცით… თავისუფლად შეიძლება ძალიან სწორი ფინანსური მოდელი ჩამოაყალიბო თითოეული ბიზნესისთვის. ფინანსურ რესურსზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია მონდომების რესურსზე”, – განაცხადა ბიზნესმენმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკითხების გადასაწყვეტად ინტელექტუალური კოალიცია გვჭირდება.