არ გვინდა, ნიკამ საკანში ნახოს მისი შექმნილი „მთავარი არხი“ როგორ ქრება – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. გაბუნია დირექტორის მოვალეობას ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ ასრულებს.
როგორც გაბუნია ამბობს, პასუხისმგებლობა, რომელიც მან დროებით გადაიბარა, საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება მისთვის, თუმცა, მას არა მხოლოდ გუნდის, არამედ საზოგადოების და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედიც აქვს.
როგორ დაგეხმარებათ დასავლეთი? – კითხვას გაბუნია შემდეგნაირად პასუხობს:
პირველი რაც ჩვენ ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ზეწოლა. მკაფიო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, რაც ჯერ კიდევ მოქმედებს, მთლად ბელარუსი ჯერ არ ვართ, ძალიან ცოტა გვაქვს დარჩენილი, მაგრამ დასავლეთის სიტყვას, როცა საჭიროა მათ მუქარას, ზეწოლას აზრი აქვს, ეშინიათ კიდევ დასავლეთის და ამიტომ ამ ხავსს ვეჭიდებით, რომ საბოლოოდ რუსეთი არ გავხდეთ, სანამ არის საშუალება. ეს არის რასაც ჩვენ საჯაროდ ვხედავთ, ამაზე უფრო მეტი იქნება კადრს მიღმა, ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ და არაერთხელ გვინახავს, რომ ასეთ ზეწოლას შედეგი გამოუღია. მათ შორის ჩვენი მიზანი არის, რომ ნიკა გვარამია იყოს თავისუფალი, მისი თავისუფლება ნიშნავს „მთავარი არხის თავისუფლებას“ და ნიშნავს შანსს, რომ თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში შეიძლება გადარჩეს და შესაბამისად, გადარჩეს დემოკრატია და ჩვენი ქვეყანა.
მეორე, თუ არის საშუალება, არ ვმალავთ ამას და ვითხოვთ ფინანსურ თანადგომასაც, ისევ „მთავარი არხის“ გადასარჩენად. ყველაზე მეტად არ გვინდა, რომ როდესაც ნიკა ციხეშია, მის თვალწინ წარმოიდგინეთ, რომ „მთავარი არხი“ ჩაქრა. ჯერ მას ტელევიზორი არ აქვს, მაგრამ მალე ექნება. მეტი რომ არაფერი იყოს, ეს არ გვინდა ჩვენს კომპანიაში მოხდეს, რომ ნიკამ საკანში ნახოს მისი შექმნილი „მთავარი არხი“ როგორ ქრება. მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ბიძინა ივანიშვილი და მის უკან მდგომი ჩემი დიდი მეგობარი ვლადიმერ პუტინი. ამიტომ მასთან გამკლავება რთულია, მაგრამ შეუძლია დასავლეთს. დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიდის ერთ რუსეთსა და მთელ ცივილიზებულ დასავლეთს შორის, ჩვენ გვინდა არა რუსეთის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს მხარეს აღმოვჩნდეთ და ამიტომაც ამ ცივილიზებული სამყაროს იმედი გვაქვს, ამიტომ მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს“ – ამბობს გიორგი გაბუნია და ამატებს, რომ აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა უკვე დაგეგმილია.
გიორგი გაბუნიამ პასუხს სცემს შეკითხვასაც, რა ბედი ელის ნიკა გვარამიას გადაცემებს?
„ხუთშაბათის, „მთავარი აქცენტები“ აუცილებლად იქნება ეთერში, როგორ და რა ფორმით, ვფიქრობთ, მაგრამ ნიკას გადაცემა აუცილებლად იქნება ეთერში და დაელოდება ნიკას, სანამ არ დაბრუნდება მისი ნამდვილი წამყვანი სტუდიაში. იქნება ისევ პოლიტიკური ტოქშოუ, წამყვანების ვინაობა ჯერ არ ვიცი, ვფიქრობ. ჩემს კოლეგებს უნდათ, რომ მე მაინცდამაინც ვიყო, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ მე ეს არ ვიქნები, იმიტომ რომ მე ეთერიდან ნახევარი წლის წინ. „მთავარი ჭკვიანის“ მარაგი უკვე ჩაწერილია და ცოტა უცნაური იქნება, რომ ნიკა ციხეშია და ეთერში ეს გადაცემა გავა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში. იმდენად გამორჩეული სახე შექმნა ნიკამ ამ გადაცემაში, რომ არ ღირს სხვისიც ჩანაცვლება. მისნაირი ვერავინ ვერ იქნება, სხვანაირი კი უადგილო იქნება, ეს გადაცემა ალბათ ეთერს მიღმა დაელოდება წამყვანს“.
გიორგი გაბუნია “მთავარი არხის” ეთერში ბრუნდება
