„არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეები დავაზარალოთ, რომლებიც ყოველდღე თურქეთის საზღვარზე გადადიან, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შექმნილი პირობები საკუთარი უფლებების დაცვისთვის,“ – ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა, განაცხადა.
მისი თქმით, თურქული მხარის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საუბარი შედგა საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტებს შორის და აღნიშნული რეგულაცია დროებით შეჩერდა.
„ეს კანონი შეეხება თურქეთში ყოფნას და მუშაობის პირობებს. იმ შემთხვევაში თუ იმატებს კანონის დარღვევის შემთხვევები, თურქეთი ვალდებულია საზღვარი გააკონტროლოს. ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ფაქიზი საკითხია. ვცდილობთ, დავადგინოთ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ყოველდღე გადადის საზღვარზე. არ გვინდა ეს ხალხი დავაზარალოთ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შექმნილი პირობები, რომ ისინი დაცულნი იყვნენ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას ქართულ მხარესთან,” – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა, იმავე დღეს უკან დაბრუნების შემთხვევაშიც კი, 1 კალენდარული დღის ოდენობით დაფიქსირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.