LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გვინდა, ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს, მთავრობა ერევა უხეშად ბიზნესის საქმიანობაში” – სურსათზე ფასების დასარეგულირებლად კანონპროექტზე მუშაობა იწყება

133
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფასები შემცირდეს, არაგონივრული მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტები, ეს ჩვენს ხალხზე აისახება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე და ფასების დარეგულირების გეგმაზე ისაუბრა.

პრემიერი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო სურსათზე ფასების დასარეგულირებლად ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი დამყარებული იქნება ევროპულ პრაქტიკაზე.

“სურსათის ფასებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ასევე რიტეილის დიდ ქსელების მფლობელებთან. გამოდის, რომ ის ინფორმაცია რაც მე გავაჟღერე, ჯამურად სურსათზე ფასნამატი 70-80%-ია, რიგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილია და ეს მიუღებელია. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი, ჩვენ მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ მათი 60-80% მათი მოგება არ არის, არამედ ეს დამოკიდებულია რიტეილის დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომელიც მათ მიერ არის განსაზღვრული. სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული ლეგიტიმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული და ეს წესები ევროპაში არ მოქმედებს; ეს საკითხები ევროპის ქვეყნებში დარეგულირებულია; ამიტომ ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივას შეეხება.

ჩვენ პარალელურად მუშაობას გავაგრძელებთ იმპორტიორებთან და დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან. იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ ეს ევროდირექტივა და წესებიც ჩვენც შემოვიღოთ. სხვანაირად ჩვენი მხრიდან ხელოვნური ჩარევა უხეში იქნება, ამიტომ მოვნახეთ ის პრაქტიკა, რომელიც ევროპამ გაიარა და ჩვენს ქვეყანაში უნდა გადმოვიტანოთ.

ამით რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ, რა თქმა უნდა, განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე, „რითეილს“ ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ესაა გამოსავალი რაც ამ მოკლე, ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფასები შემცირდეს, არაგონივრული მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტები, ეს ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, გასული თვის ინფლაცია იყო 9.4%, აქედან 6.1% არის სურსათის ფასები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც კი დარეგულირდება ეს ფასები, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული და ეს სიკეთე აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე. მთავრობა ამ კანონპროექტს მალე გაუგზავნის პარლამენტს და იმედი მაქვს, მალე მივიღებთ ამ რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოსავალი არ ჩანს. არ გვინდა, რომ ჩვენ ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს, მთავრობა ერევა უხეშად ბიზნესის საქმიანობაში, ეს ჩვენი წესი, ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არაა, ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები