“ვფიქრობ, საპროტესტო აქცია კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდება. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და ისეთ მოქმედებას განახორციელებს, რომელსაც მათი მხრიდან საზოგადოებაც მიჩვეულია.” – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ პარლამენტი არის ერთ-ერთი სახელმწიფო ობიექტი და სახელმწიფო დაცვის სამსახურიც პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს იღებს.
ღუდუშაურმა ამის შესახებ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას უკავშირდება პოლიციის მობილიზაცია პარლამენტის შენობის ეზოში.
პარლამენტის შენობის ეზოში სახანძრო მანქანებია მობილიზებული
“პარლამენტი არის ერთ-ერთი სახელმწიფო ობიექტი და სახელმწიფო დაცვის სამსახური იღებს პროტოკოლით გათვალისწინებულ იმ ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია, გეგმური იქნება თუ არაგეგმური. რამდენიმე სახანძროს მანქანაა და შეგიძლიათ, მიმითითოთ, სხვა რა ხდება?” – თქვა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, შეკრებილი ადამიანების რაოდენობას არ ითვლიან, თუმცა, აღნიშნული აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა და განსაკუთრებული მობილიზაციაც ახლაც არ არის:
“არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. ადამიანებს არ ვითვლით, მაგრამ ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის. არ მგონია, რომ დღევანდელი აქცია იმისგან რაიმეთი განსხვავებული იქნება, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა.” – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება.
აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით გამართავენ საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: “მსვლელობა თავისუფლებისთვის”.
პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს