LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების უნიჭოდ აღსრულებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანა ღრმა კრიზისშია: ლია მუხაშავრია

125
ლია მუხაშავრია

პრემიერის გადადგომით პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან  მივიღეთ აღიარება, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზიზშია ჩათრეული, ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში  „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ანალიტიკოსმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად არჩევის შემდეგ ქვეყნის სამშვიდობოდ გაყვანას უნდა შეეცადოს.

„პრემიერის გადადგომა  უტყუარი დასტურია იმის,  რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია. ვფიქრობ, ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, თუკი პრემიერად არჩეული ღარიბაშვილი არ შეცვლის იმ პოლიტიკას, რომლის გამოც გადადგა გიორგი გახარია და თუკი ის არ შეეცდება, მოიყვანოს პროფესიონალი და გამოცდილი ხალხი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და თუ არ შეეცადა, კრიზიზში მყოფი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ხელახალ არჩევნებამდე“. – ამბობს მუხაშავრია.

ანალიტიკოსი ამბობს, გახარიას მინისტრთა კაბინეტს კვალიფიციურ პერსონებად ვერანაირად მიიჩნევს.

„სამწუხაროდ ვერ ვიტყვით, რომ გახარიას მინისტრთა კაბინეტში კვალიფიციური პერსონები არიან. ვხედავთ, რომ  კრიზისის გაღრმავება სწორედ მათი მმართველობის დროს მოხდა. მგონი, ქვეყანაში ყოველმხრივი კრიზისია“. – ამბობს მუხაშავრია. 

 

მუხაშავრიას თქმით,  გახარიას წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ დიდი დარტყმაა.

ისეთი ლიდერის წასვლა, როგორიც გახარიაა, ძალიან სერიოზული დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“, მით უფრო რომ ბიძინა ივანიშვილმა ის  ფორმალურად თუ ოფიციალურად დატოვა. ბევრ პატიოსან მოქალაქეს, რომელიც აქამდე გუწრფელად მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, დღეს გაუჩნდება განცდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო პარტიაში.  არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების უნიჭოდ აღსრულებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისშია“. – ამბობს მუხაშავრია და დასძენს, რომ  ხელისუფლებას უნდა ეყოს ჭკუა, რომ საზოგადოება უკიდურეს პოლარიზაციამდე არ მიიყვანოს.

„არადა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს და ცდილობს, მეტი ხანძარი გააჩინოს. ეს ამ ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის საზიანოა.“- აცხადებს მუხაშავრია. 

კითხვაზე, რომელი მხარეა დათმობისთვის მზად, ანალიტიკოსი პასუხობს:

„პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და არა უკიდურესი დაძაბულობის ჩამოგდება მხარეებს შორის.

ნიკა მელია გახდა ყველას დასაცავი და მათ შორის მათი, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. მათ შორის მეც, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვიბრძოდი მათ წინააღმდეგ, თუმცა, დღეს ვფიქრობ, რომ უნდა ვიდგე ნიკა მელიას გვერდით და უნდა დავიცვა, რადგან ამ ადამიანს სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ ექცევა ხელისუფლება.“- განმარტავს მუხაშავრია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g