“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სანამ ივანიშვილი ქვეყანასაც მნიშვნელოვნად დააზიანებს, ის ხელისუფლებას მანამ უნდა ჩამოაცილონ.
“ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარი სპიკერის, კობახიძის სკანდალური განცხადება. ის გამოეხმაურა ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ ერთ-ერთ რიგით პუტინისტ სპიკერს, ქალბატონ ხოფერიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ ივანიშვილს პრობლემებს უქმნის ამერიკა გადარიცხვებში, კერძოდ მისი ანგარიშიდან შვეიცარიის ბანკში.
კობახიძე გამოეხმაურა ამას, დაადასტურა, რომ ეს კითხვა ლეგიტიმურია და პირდაპირ თქვა, რომ თუ ვინმე, ალბათ გულისხმობდა დასავლეთს, აშშ-ს მნიშვნელობა არ აქვს, მთლიანად თავისუფალ სამყაროს, ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, არაფერი არ გამოუვათ, ესე იგი, ისინი არ იცნობენ ივანიშვილს, მას პოლიტიკაში ვერ მოაბრუნებენო.
აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც მე და არც ჩემ გარშემო ვინმე დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ იმაზე თუ რა მოხდა, რატომ ჰქონდა გადარიცხვაზე ივანიშვილის პრობლემა, უფრო მეტიც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ჯერჯერობით ეგ სანქციებთან კავშირში არაა, მაგრამ ის რეაქცია რაც მისცა ივანიშვილმა, მისი სპიკერი კობახიძის პირით ამ ყველაფერს, არის ასეთი ფენომენი არსებობს – თვითახდენადი წინასწარმეტყველებები, ანუ რა განწყობაც აქვს ადამიანს, რა პოზიციაც აქვს, ისე აღიქვამს მოვლენებს.
ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში, აშშ-სა და დასავლეთში ხედავს საფრთხეს და აძლევს თავს უფლებას, რომ ეს პუტინისტური ბოდვა გაიმეოროს თითქოს ვიღაცას, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ან ოპოზიციას საქართველოში, არამედ თავისუფალ სამყაროს და ამერიკას, უნდოდეს საქართველოს ომში ჩათრევა არის ბოდვა, რაც არის პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდა.
ეგ არის თავისთავად დიაგნოზი. როცა ასეთი დამოკიდებულება გაქვს, ამ ვითარებაშიც, სადაც შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს ასე, ხედავ დასავლეთის ხელს, ეგ ნიშნავს რომ ამ გზაზე დგახარ. ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგაშოა, რომ ასეთ განწყობაზე მყოფი მმართველი, ამ გზაზე მდგომი, ყველა ვარიანტში, რაღაც მომენტში მართლა “გაიჩალიჩებს” იმას, რისიც ეშინია და რაზეც ახლა წინსწრებით ლაპარაკობს შესაძლოა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. თუმცა ამ “გაჩალიჩებაში”, სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ თავს დაიღუპავს, ჩვენს ქვეყანას აზიანებს დრამატულად ჩვენი ისტორიის ასეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში. ამიტომ ჩვენ იმას კი არ უნდა დაველოდოთ როდის დასრულდება ეს პროცესი, მოლიპულ გზაზე მდგომი ივანიშვილი როდის დაამთავრებს, იქამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას”, – თქვა ბოკერიამ.
როგორც პარტიის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რა ისტორიულ მონაკვეთში იმყოფება დღეს საქართველო, მაშინ, როცა მსოფლიო იცვლება და როცა საქართველოსთვის იხსნება ისეთი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც 100 წელიწადში ერთხელ შეიძლება გაიხსნას:
“ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა ისტორიულ მონაკვეთში იმყოფება დღეს საქართველო, მაშინ, როცა მსოფლიო იცვლება, როცა ჩვენთვის იხსნება ისეთი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც 100 წელიწადში ერთხელ შეიძლება გაიხსნას, იმის მაგივრად, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყოს ჩვენი საკითხის ლობირება, მისი აქტუალიზაცია საერთაშორისო დღის წესრიგში, საქართველოს დეოკუპაციის საკითხის წინ წამოწევაში, ამის მაგივრად მთავრობისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კერძო პირის პირადი ფინანსური ინტერესები, ჩვენ არ ვიცით რა პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს ივანიშვილის საბანკო ანგარიშების ირგვლივ, თუმცა, რაც დადასტურებით ვიცით, არის ის, რომ მთელი ხელისუფლების ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ კეთილდღეობაზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ დასავლური სანქციების ჩამონათვალში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი არ არის, კარგად უნდა გვესმოდეს ვისი პასუხისმგებლობაა ეს და რა უნდა გაკეთდეს საქართველოს საკითხის წინ წამოსაწევად სანქციების ჩამონათვალში”, – თქვა კანდელაკმა.