ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კიდევ ერთხელ უჩივის – განცხადებას თავად ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია CS Victims ავრცელებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ივანიშვილის ქონება ინახებოდა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დაავალა, ხოლო ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ განახორციელა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკმა მას შემდეგ კიდევ ერთი ტრანზაქციაც შეაყოვნა, რაც ამ დრომდე არაა განხორციელებული.
„ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის (ბანკის) ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს,”- ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში არაა ნათქვამი თუ რა მოცულობის ზარალი მიადგა ბიძინა ივანიშვილს, ან რა თანხის საბანკო გადარიცხვები შეაყოვნა შვეიცარიულმა ბანკმა.
„აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უპატივცემულობას კლიენტების მიმართ მათი უფლებების უხეშად დარღვევითა და რეპუტაციის შელახვით. ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თანხების განაწილების ერთი თვით დაგვიანებით, ბანკის მეურვემ ანტირეკორდი დაამყარა კლიენტის მოთხოვნების უპატივცემულობისა და მათი ინტერესების შელახვის კუთხით“, – აღნიშნა CS Victims-ის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ჯგუფი CS Victims-ი Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ შეიქმნა. ისინი, დაახლოებით, მილიარდი დოლარის ოდენობის თაღლითობის მსხვერპლნი არიან, რომელიც ბანკის პერსონალმა ჩაიდინა შვიდი წლის განმავლობაში.
რაც შეეხება თავად ივანიშვილის საქმეს, შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი და Credit Suisse-ს მის სასარგებლოდ 500 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.