„გვჭირდება გარკვეული გეგმა. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე იმდენი გამოცდილება მაინც უნდა არსებობდეს, რომ ვიცოდეთ შემდეგი წლის დარჩენილ პერიოდში, რა გველის“, – ამის შესახებ კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი აცხადებს.
ის „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესისთვის აუცილებელ იმ სამოქმედო გეგმაზე საუბრობს, რომელიც მთავრობის მიერ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, მესამე ტალღის შემთხვევაში. როგორც დაუშვილი განმარტავს, მესამე ტალღის შემთხვევაში მოსალოდნელი რეგულაციები ბიზნესისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს.
„მაგალითად, თუ ველოდებით მესამე ტალღას, გვითხრან დაახლოებით რა პერიოდში, არ უნდა მოხდეს ისე, რომ შეზღუდვები სიურპრიზივით იყოს ჩვენთვის, ან რაიმე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მოულოდნელად ამოქმედდეს“ – აღნიშნა „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, საქართველოში რამდენიმე რეგიონი წითელ ზონად ჩამოყალიბდეს. „ესაა ამ ეტაპზე, გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ, შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ. შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.