„არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ბექა დავითულიანი ყველა მისი პარტიელის პოზიციას აჟღერებს“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობისა და სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანა აბაშიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მიიღებს დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილებას.
„არ ვიცი რას ფიქრობს მმართველი გუნდი, ერთი დეპუტატის მოსაზრებით არ ვიმსჯელებ, იმიტომ, რომ ეს შეიძლება საერთოდ არ გამოხატავდეს დანარჩენი კოლეგების მოსაზრებას. უბრალოდ ვიმედოვნებ, ძალიან ღიად არ ეტყვიან საზოგადოებას, რომ ჩვენ არ გვსურს დამოუკიდებელი კანდიდატი. შეუძლია გამოხატოს კრიტიკა თავისუფლად. მეორე მხრივ, ვიმედოვნებ, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანებს არ აეკრძალებათ საჯარო სამსახურში მუშაობა. პრაქტიკულად ამის რისკი დგას. უნდა ვინანო ის, რომ როგორ გამოვთქვი ჩემი აზრი.
მას უფლება აქვს ჰქონდეს ასეთი მოსაზრება მაგრამ ვიმედოვნებ მთლიანობაში, პოლიტიკური გუნდი იმაზე უფრო გამჭრიახი და ჭკვიანი იქნება, ვიდრე ამას ელის საზოგადოება და მიიღებს ზუსტად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კონკრეტული სუბიექტური ინტერესების ან წყენების გამტარებელი არ იქნება.
რომ არ მქონდეს ამის იმედი, ამ განცხადებების ფონზე დღესვე ჩემი ნებით ჩავეხსნებოდი პროცესს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ჯერჯერობით წყალწაღებულია“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.