ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთმა თვითმკვლელმა საკუთარ კომპიუტერში სიკვდილის წინ ჩანაწერი დატოვა, ამის შესახებ ბელგიის გენერალურმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლეუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამომძიებლებმა თვითმკვლელების საცხოვრებელის გვერდით, ნაგვის ბუნკერში იპოვეს კომპიუტერი, სადაც შემდეგი შეტყობინება დახვდათ: “არ ვიცი, რა გავაკეთო. მეძებენ, თუ დავნებდები, დამაპატიმრებენ.“
პროკურატურის განცხადებით, ჩანაწერი ბელგიის 29 წლის მოქალაქეს ბრაჰიმ ბაკრაუის ეკუთვნის. გამოძიება მიიჩნევს, რომ სწორედ მან მოიყვანა მოქმედებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ბრიუსელის აეროპორტში. შედეგად კი 10 ადამიანი დაიღუპა.
მეტრო მაალბეკში მომხდარ აფეთქებაზე კი უწყებამ პასუხისმგებლობა მის 27 წლის ძმას, ხალიდ ბაკრაუის დააკისრა. მესამე თვითმკვლელის ვინაობა, რომელმაც ბომბი აეროპორტში ბრაჰიმ ბაკრაურის შემდეგ ააფეთქა, ამ დრომდე დგინდება.
ამასთან, ჯერ-ჯერობით პოლიციამ ვერ მოახერხა დაეკავებინა ძმების სავარაუდო თანამზრახველი, რომელმაც აეროპორტში ბომბი ჩანთით დატოვა და მიიმალა. ვარაუდობდნენ, რომ მას ნაჯიმ ლააშრაუი ჰქვია.
თვითმკვლელების საცხოვრებლის ჩხრეკის შედეგად 15 კგ. ასაფეთქებელ ნივთიერებას მიაგნეს. ასევე, იპოვეს ქიმიკატები, რომელიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების მოსამზადებლად გამოიყენება.