LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი რას ვწერ, არ ვიცი ამას რა ჰქვია!!! გიორგის ყველა ადამიანური სიკეთით სავსე გული გაჩერდა!“ – თეა ადეიშვილზე კოვიდით გარდაცვლილ მეგობარზე

488
news-128

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში 46 წლის მეგობრის შესახებ წერს, რომელიც კორონავირუსის შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

„40 წლის წინ სკოლაში რომ მიმიყვანეს, ერთი თეთრი, ქათქათა, ლურჯთვალება და ქერა ბიჭი დამხვდა კლასში, Giorgi Sulakadze 11 წელი მაოცებდა მისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, 11 წელი ჩვენი კლასის საუკეთესო მოსწავლე იყო, ყველაზე მოწესრიგებული, საოცარი სერიოზულობით და თან საოცარი იუმორით, ყოველთვის ყველა გაკვეთილი იცოდა და თან ყველაზე კარგად და მერე ყველას ეხმარებოდა რომ იმათაც კარგი ნიშნები მიეღოთ…ახლაც რომ ვფიქრობ ასეთი არავინ მახსენდება, იცით როგორ გისმენდა? თითქოს იმაზე მნიშვნელოვანი არასდროს არაფერი მოუსმენია, ფიქრიანი, ღრმა, კამკამა და წყლიანი თვალებით…

სტუდენტობა ისე გავიარეთ ერთმანეთის ამბები სულ ვიცოდით, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ძალიან მალე “ინტერნიუსმა” იურისტის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. პატარები ვიყავით, ყველა სამსახურს ვეძებდით, ცხოვრებას ვიწყებდით, გიორგის ვუთხარი: თუ მედია-სამართალი გაინტერესებს იქნებ სცადოთქო, უამრავ კონკურსანტს შორის საუკეთესო ისევ გიორგი აღმოჩნდა. ჩემს ქმარს ლამის ზემოდან ვუყურებდი რომ ყოველგვარი დახმარების და პროტექციის გარეშე მისი იურისტი ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა.

„ინტერნიუსში” გაიცნო არაჩვეულებრივი თიკა Tika Basharuli, რომელიც მანამდეც სულ მომწონდა და მათი სიყვარულის გულშემატკივარი გავხდი, კარგად მახსოვს თიკას და გიორგის დაქორწინება სპონტანურად ქობულეთში, ზღვის სანაპოროზე აღვნიშნეთ რამდენიმე მეგობარმა… ღმერთო რა ცინიზმია, ახლაც ქობულეთში ვარ და მომწერეს გიორგი აღარ არისო!

დღეს კოვიდით 54 გარდაცვლილს შორის ჩემი უახლოესი მეგობარია, უბედურების სტატისტიკის ნაწილი გახდა ჩემი ოჯახის უსაყვარლესი ადამიანი, ჩვენი უკარგესი კოლეგის თიკა ბაშარულის ქმარი და საოცარი შვილების მამა!!! არ ვიცი რას ვწერ, არ ვიცი ამას რა ქვია!!!

ერთი თვე იმედს ვებღაუჭებოდით, ერთმანეთს ვანუგეშებდით რომ ეს არ მოხდებოდა, 2 კვირის წინ ქართველ-ამერიკელ ექიმთან ნანა გეგეჭკორთან გავიარე კონსულტაციები და მის მკურნალ ექიმს ელაპარაკა, ნანას ხმა არასდროს დამავიწყდება: თეა, ძალიან მძიმე ამბავია, გადარჩენის მინიმალური შანსია, მაგრამ იმდენად ჯანსაღი ორგანიზმი აქვს შეიძლება სასწაული მოხდეს და გამოძვრესო-მითხრა, მივხვდი რომ უბრალოდ არ გამწირა სრული სიმართლისთვის…

სასწაული არ მოხდა, იმიტომ რომ გიორგიმ ინფიცირებამდე აცრა ვერ მოასწრო, ადვოკატი იყო და ინფიცირებული კლიენტისგან დაავადდა… არანაირი ქრონიკული ან თანმდევი დაავადება, უჯანმრთელესი ადამიანი იყო, სიგარეტიც კი არ მოუწევია არასდროს და ციტოკინური შორტმის მერე ფილტვების 22 ბალიან დაზიანებას ვეღარ გაუძლო, გუშინ გული გაჩერდა, გიორგის ვეებერთელა, კეთილი და ყველა ადამიანური სიკეთით სავსე გული გაჩერდა!

ამ ტრაგედიის განსაკუთრებული დრამატიზმი იცით რა არის?! უკანასკნელ გზაზე მისი უახლოესი ადამიანები, მისი ოჯახი სრულად ვერ გააცილებს, მეუღლე და შვილი კოვიდ კლინიკაში არიან გადაყვანილები, თიკასაც ვერ ვურეკავ, არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა ვანუგეშო არ ვიცი! აიცერით ხალხნო! წადით, სასწრაფოდ აიცერით, თქვენი ახლობლები მაინც დაიცავით ამ ბიოლოგიურ ომში! უბედურების ზონაში ვართ და იქნებ ჩვენი საკუთარი სიფრთხილით და თავდაცვით მაინც გადავრჩეთ.“ – წერს თეა ადეიშვილი „ფეისბუქზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები