რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა „არაჯანსაღ ფანტაზიას“ უწოდებს საქართველოში ტყის ხანძრებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ განცხადებებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
“ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ხანძრის ლიკვიდირება, ხოლო მათი არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვისთვისაც ბუნებრივი კატასტროფა თავის ქვეყანაში მორიგი მიზეზია ანტირუსული ინსინუაციებისთვის, ზედმეტად მივიჩნევთ“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 გამოიყო. თუმცა, ქართულმა მხარემ, მადლობა გადაიხადა და შეატყობინა, რომ კერები ლოკალიზებულია და დახმარების აუცილებლობა არ იყო. მისი თქმით, ამ სეზონზე მთელ რეგიონში რუს მაშველებზე დიდი დათვირთვა იყო: ტყის ძლიერი ხანძრის ჩაქრობაში ცოტა ხნის წინ სომხეთში მონაწილეობდნენ. ასევე, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა ვოლგოგრადში.
