არანაირ კომისიაზე არ მივალ, არც განვიხილავ, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელზეც 8 აპრილს არის დაბარებული, მისვლას არ აპირებს.
გვარამიას განცხადებით, საკითხი საერთოდ არ აღელვებს, მითუმეტეს, რომ „მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ“.
„თუ ნიკა გვარამია დაიჭირე, იმიტომ, რომ ვიდეომასალა ჰქონდათ, რომ მისი ცოლი, ქალიშვილი და ძაღლი როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან, რეალურად ამის საფუძველზე დამიჭირეს. სალომე ზურაბიშვილი რომ არა, ახლაც ციხეში ვიქნებოდი, რატომ არ უნდა ვუშვებდე. შეუძლებელია პროგნოზირება უკანონობის, უკანონობა ირაციონალურია, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. მე რომ ვიცოდე, რომ კანონისმიერად ოდნავ მაინც მოიქცეოდა ხელისუფლება ან სასამართლო ხელისუფლება, შემეძლებოდა ამაზე პასუხი გამეცა, მაგრამ ახლა ამაზე პასუხი არ შემიძლია. ერთადერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს ეს საკითხი, მითუმეტეს, რომ მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ”, – აცხადებს ნიკა გვარამია „ტვ პირველთან”.