LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს უცდია თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით, „პიარის“ კაცი არ იყო…“ – შიო მესამის ერისკაცობის წლები და ცნობილი ექვსეულის ფოტოს ისტორია: როგორ გადაარჩინა მომავალი პატრიარქის რჩევამ ირაკლი კაკაბაძე

1472
sIO MESAME

„სარკესთან“ ინტერვიუში მწერალი ირაკლი კაკაბაძე თავისი ბავშვობის მეგობრის, პატრიარქ შიოს III-ის (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირის) ცხოვრების საინტერესო დეტალებს იხსენებს. პატრიარქის არჩევამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში რესპონდენტი ხაზს უსვამს შიო III-ის გამორჩეულ ოჯახურ გარემოს, მის მუსიკალურ ნიჭს, მშვიდ ბუნებას და ბავშვობიდანვე არჩეულ არაძალმომრეობის გზას, რაც მას მაშინდელ თბილისურ რეალობაში სრულიად განსაკუთრებულ პიროვნებად აქცევდა.

სტატიაში დეტალურად არის განხილული სოციალურ ქსელში პოპულარული, 1987-1988 წლების მიჯნაზე ვერის ბაღში გადაღებული ექვსეულის ფოტოს ისტორია, სადაც მეუფე შიო მეგობრებთან ერთად არის აღბეჭდილი.

„ეგ ფოტო ვერის ბაღში 1987-88 წლების მიჯნაზეა გადაღებული. მაშინ გაზეთ „თბილისში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ექვსეულთან, სადაც იყვნენ გიო მგელაძე, რომელიც არაფორმალური ლიდერი იყო ამ ექვსეულისა, მეუფე შიო, ლევანი, მარგველა და მამა გრიგოლ ჭიჭინაძე. თუ არ ვცდები, ეს ფოტო გადაღებულია 1987 წლის დეკემბერში და  გამოქვეყნდა უკვე მომდევნო წლის იანვრის დასაწყისში.  ირაკლი ბერიაშვილი, მაია გოგოლაძე და ხათუნა მაისაშვილი ამზადებდნენ ამ მასალებს მაშინ“, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე ინტერვიუში.

გარდა ამისა, ირაკლი კაკაბაძე პირველად ჰყვება იმ პრაგმატულ და ამავდროულად, იდეალურ სულიერ თუ ფსიქოლოგიურ რჩევაზე, რომელიც მეუფე შიოსგან აწ უკვე ახალარჩეული პატრიარქისგან მიიღო ცხოვრების ურთულეს ეტაპზე და რამაც მისი შემდგომი ბედი მნიშვნელოვნად შეცვალა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„მისი მსოფლმხედველობა ბავშვობაში იყო უაღრესად ჰუმანისტური და სეკულარული. მისი მშობლები უგანათლებულესი ხალხი იყო. მეუფე შიოს მამამ, თეიმურაზ მუჯირმა, საყდრისი-ყაჩაღიანი აღმოაჩინა!  საოცარი ოჯახი ჰქონდა, ერთ-ერთი სამაგალითო მთელ საქართველოში. თუმცა მაშინდელი ელიზბარი იყო ძალიან სეკულარული ადამიანი, რომელიც მუსიკით ცხოვრობდა და კლასიკურ მუსიკას მისდევდა. ვიოლონჩელოს პროფესიულ დონეზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი მსოფლხედვა იყო მუსიკიდან წამოსული ჰუმანიზმი.

მეუფე შიო მე დაახლოებით 1982 წელს გავიცანი, თუ ზუსტად მახსოვს. მაშინ უკვე ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, რომელზეც ბევრ დადებითს ლაპარაკობდნენ.

ელიზბარი იმით გამოირჩეოდა, რომ არასდროს უცდია, თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით და ძალმომრეობაში მონაწილეობით. ბავშვობიდანვე ჰქონდა არჩეული არაძალმომრეობის გზა. კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორის საოცრად კარგი მცოდნე და, ამავე დროს, ძალიან კარგად გარკვეული გახლდათ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ საკითხებში. კეთილშობილი ადამიანი იყო ყოველთვის. მორიდებულიც იყო, არ უყვარდა ზედმეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა და გამოირჩეოდა ყოველთვის იმით, რომ ზედმეტი თვითრეკლამა არ უყვარდა, ანუ დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, პიარის კაცი არ იყო.  ამას ყველა აფასებდა.

„თავმდაბლობა ამ ოჯახის მთავარი ნიშანია“ – რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომელიც პატრიარქს მხარზე ეამბორა

სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, სადაც 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საკუთარ დასთან ერთად არის, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

მიგიმართავთ რჩევისთვის ან თავად თუ გამოუთქვამს თქვენთან შეხვედრის სურვილი?

_ რა თქმა უნდა. მე მახსოვს, მეუფეს 2000 წელს აღსარება ჩავაბარე და რჩევებიც ვკითხე. მაშინ, 90-იან წლებში, მე ვაშინგტონში კალვინისტების და სამხრეთელი ბაპტისტების ეკლესიებში ხშირად დავდიოდი. ბევრი აფროამერიკელი მეგობარი მყავს და მათი სულიერებაც ძალიან მიყვარს.

ერთხელ შემხვდა ჩემი მეგობრის მეგობარი, რომელმაც ლუციფერელების შეხვედრაზე დამპატიჟა. მაინტერესებდა, იქ რა ხდებოდა და წავედი. საინტერესო მეცნიერი და ბოჰემურად ხელოვანი ხალხი იყო იქ. მივეჩვიე იქ სიარულს. და მანდვე დავიწყე მარიხუანის სისტემატურად მოწევა. ამ პრაქტიკის მერე დამეწყო სერიოზული პარანოიის შეტევები. როგორც ჩვენთან უწოდებდნენ, „იზმენები”.  ისე ცუდად ვიყავი, რომ 15-ჯერ დამემართა შეტევა, როდესაც საერთოდ დავიკარგე და სახლში აღარ ვბრუნდებოდი. სერიოზულად მეგონა, რომ გამოსხივება იყო ჩემს ბინაში და ასე შემდეგ.

ამის შესახებ რომ მოვუყევი მეუფე შიოს, მან ძალიან ჯანსაღი პასუხი გამცა, რა თქმა უნდა, ტაძარში სიარულია საჭირო და ღმერთის უნდა გჯეროდეს და არა ლუციფერის, ეს ისედაც ცხადი უნდა იყოს, მაგრამ, ამის გარდა, გირჩევ, კარგი ფსიქოლოგიც ნახო და „პლანს” თავი დაანებოო.

გამიკვირდა, ისეთი სეკულარული პასუხი გამცა. მერე კი მართლაც მივედი მარგველას დედასთან, არაჩვეულებრივ ეგზისტენციალურ ფსიქოლოგ მზია გომელაურთან. ქალბატონმა მზიამ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან და მოვრჩი. მეუფის რჩევა კი ძალიან პრაგმატულიც იყო და ძალიან იდეალურიც ერთდროულად. ლუციფერელებსაც თავი დავანებე, მარიხუანასაც და „იზმენებსაც”.  ასე დამთავრდა ეს ამბავი.

magti 5g