არასერიოზულია საუბარი, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
გავრცელებულ ინფორმაციას დავით ზალკალიანი სპეკულაციას უწოდებს და განმარტავს, რომ საქართველო სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ იღებს.
“დღესვე შეგიძლიათ შეხვიდეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, სადაც არის სხვადასხვა ქვეყანაში ნომინირებული ელჩების სრული სია. ასევე დასახელებულია ქვეყნები, სადაც ადგილები არის ვაკანტური. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა აქვს.
სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში საქართველო მონაწილეობას არ იღებს. ეს არის სპეკულაციები და არასერიოზულია ამაზე საუბარი,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.