LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასრულწლოვანებმა თბილისში სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს“ – შსს-მ 5 არასრულწლოვანი დააკავა

129
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მოტოციკლს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.